Aa
Aa

მორატასთან მომხდარი ინციდენტისთვის მსაჯი დისკვალიფიკაციით დასაჯეს

ესპანეთის ჩემპიონატის 33-ე ტურის მატჩში, რომელშიც ბასკური „ეიბარი“ მადრიდის „ატლეტიკოს“ მასპინძლობდა, უცნაური ინციდენტი მოხდა.

შეხვედრის მიწურულს, მთავარი არბიტრი, ხავიერ ალბეროლა როხასი, მადრიდელთა ფორვარდს, ალვარო მორატას, ხელით საკმაოდ აგრესიულად შეეხო და ამით მის მიმართ აგრესიული ტონი ღიად გამოხატა. როგორც კამერებმა დააფიქსირეს, როხასი მორატას მინიმუმ 2-ჯერ ეხება, მათ შორის ერთხელ კისრის არეში.

აღნიშნული ინციდენტი ლა ლიგის სადისციპლინო კომიტეტმა განიხილა და გადაწყდა, რომ ახალგაზრდა მსაჯი ესპანეთის ჩემპიონატის მომდევნო 2 ტურში ვერ იმსაჯებს, მათ შორის ვერც VAR-ის დამხმარე რეფერის ფუნქციით.

ლა ლიგის 34-ე ტური დღეს იწყება და ხუთშაბათს დასრულდება, 35-ე რაუნდი კი, ტრადიციულად, უქმეებზე ჩატარდება.

ხავიერ ალბეროლა როხასი ლა ლიგის მთავარ მსაჯთა შორის ყველაზე ახალგაზრდაა, იგი 27 წლისაა და ეროვნული კატეგორიის რეფერის წოდება 22 წლის ასაკში მიიღო, ხოლო უმაღლესი დივიზიონის მატჩებს გასული სეზონიდან მოყოლებული უძღვება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები