ზიდანი:
Aa
Aa

ზიდანი: "ბენზემა მსოფლიოში საუკეთესო 9 ნომერია"

მადრიდის „რეალის“ ფრანგი თავდამსხმელი, კარიმ ბენზემა, საოცარ ფორმაში იმყოფება. ზინედინ ზიდანის დაბრუნების შემდეგ 31 წლის ფეხბურთელმა თავისი თამაში იპოვა და მეტოქეებს მისი შეჩერება ძალიან უჭირთ. გამონაკლისი არც „ბილბაო“ გამოდგა. ბასკების წინააღმდეგ ფრანგმა ჰეთ-თრიქი შეასრულა და ისტორიული შედეგი დააფიქსირა.

კლუბის 117 წლიანი არსებობის განმავლობაში ბენზემა „რეალის“ პირველი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც ზედიზედ რვა გოლი ისე გაიტანა, რომ „სამეფო კლუბის“ სხვა მოთამაშეს თავი არ გამოუჩენია.

მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე „ლოს ბლანკოსის“ მთავარმა მწვრთნელმა, ზინედინ ზიდანმა, თანამემამულე შეაქო და განაცხადა: „პირადად ჩემთვის ბენზემა მსოფლიოში საუკეთესო 9 ნომერია. ბუნებრივია ამ პოზიციაზე ბევრი მაღალი დონის ფეხბურთელი თამაშობს და შესაძლოა სხვამ ნომერ პირველის წოდება კარიმს არ მიანიჭოს“.

„ბენზემას შთამბეჭდავი გოლები გააქვს და მის გამო ძალიან ბედნიერი ვარ. კარიმს საკუთარი თავის სჯერა და პროგრესის მისაღწევად მუდამ თავდაუზოგავად შრომობს“.

„ბენზემამ შესანიშნავად იასპარეზა, თუმცა თანაგუნდელებმა მას უდიდესი დახმარება გაუწიეს. პირველი გოლი ხესუს ვალეხოს და მარკო ასენსიოს კარგი თამაშის დამსახურებაც გახლდათ“.

ბენზემას მიმდინარე სეზონში 21 გოლი აქვს გატანილი. „რეალი“ კი სატურნირო ცხრილის მესამე პოზიციას იკავებს და თანაქალაქელ „ატლეტიკოს“ 4 ქულით ჩამორჩება. „სამეფო კლუბი“ მომდევნო შეხვედრას ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის მებრძოლი „ხეტაფეს“ წინააღმდეგ გამართავს, რომელსაც სტუმრად შეერკინება და იოლი გასეირნება ნამდვილად არ ელის.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები