თამაში კუნძულზე, სადაც მზე არასდროს ჩადის
Aa
Aa

თამაში კუნძულზე, სადაც მზე არასდროს ჩადის

გასული ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას ქართველმა ფეხბურთელმა ავთო ებრალიძემ პორტუგალიური ''შავეში'' დატოვა და კარიერა კუნძულ მადეირაზე გააგრძელა, კოშტინიას გაწვრთნილ ''ნასიონალთან'' კონტრაქტი გააფორმა, სადაც მისი თანაგუნდელი 21 წლის ქართველი ტალანტი გიორგი არაბიძეა.

ებრალიძე, რომელმაც მთელი პროფესიული კარიერა პორტუგალიაში გაატარა და საქართველოს ეროვნულ გუნდში თემურ ქეცბაიას მწვრთნელობისას 3 მატჩი ჩაატარა, დღიურში კუნძულზე ცხოვრების  შესახებ გვიყვება.

სამთვიანი იძულებითი პაუზის შემდეგ ებრალიძემ ''ნასიონალში'' სადებიუტო მატჩი ''ბოავიშტასთან'' ჩაატარა, რასაც ლისაბონის ''სპორტინგთან'' შეხვედრა მოჰყვა. მოცემულ ტექსტში ფეხბურთელი ''სპორტინგთან'' მატჩამდე და მატჩის შემდეგ განცდილ ემოციებზე საუბრობს, ასევე სხვა საფეხბურთო თუ არასაფეხბურთო თემებს ეხება.

დღე პირველი

დილით კარგ ხასიათზე გავიღვიძე, 8 საათი მეძინა და როცა 8 საათი მძინავს ხოლმე კარგად გამოძინებული ვარ, თუმცა მცირე დაღლილობას ვგრძნობდი, რადგან ''ბოავიშტასთან'' მატჩიდან მესამე დღეს ენერგიის სრულად აღდგენა ვერ მოვახერხე.

ვარჯიშზე წასვლამდე გიომ გამომიარა, მანქანაში ვჯდები და მეუბნება: ''წამო უზბეკ კრიშტიანუ რონალდუს გავუაროთ.'' ''არაბა'' სარდორ რაშიდოვს გულისხმობს, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი უზბეკი ფეხბურთელია. დაახლოებით 15-20 წუთის გზაა გასავლელი. გიოს მანქანაში მე და რაშიდოვი ვსხედვართ და ''არაბას'' ხუმრობებს ვუსმენთ. კარგ განწყობაზე ვართ, თუმცა ცოტა გვეძინება.

სავარჯიშო პროცესის დაწყებამდე ყოველთვის ვსაუზმობთ. ყველის და პურის გარდა მარწყვის ჯემი ძალიან გემრიელი იყო. ფიტნეს მწვრთნელის მეთვალყურეობს ქვეშ ტრენაჟორზე ვვარჯიშობდი, შემდეგ ფეხი შევიხვიე და ვარჯიში დაიწყო, რომლის მიმდინარეობისას მთავარმა მწვრთნელმა აქცენტი ''სპორტინგთან'' მატჩის მოსამზადებლად გააკეთა. ვიმუშავეთ ''ოფენსივ'' და ''დეფენსივ'' მომენტებზე. ინტენსიური ვარჯიში გამოვიდა და დაღლილობას ვგრძნობდით.

ვარჯიშის დასრულების შემდეგ ყინულის აუზში წელამდე ჩავედი, ფეხებისთვის კარგია, სწრაფი ''რიქოვერია,'' საერთოდ 3 ან 4 წუთია მიღებული, თუმცა 12 წუთი ვჩერდები ხოლმე, რადგან შემდეგ თავს უფრო კარგად და უფრო თავისუფლად ვგრძნობ.

ვარჯიშიდან სადილზე ჩამოვედით. ჩამოვედით, რადგან ჩვენი სამწვრთნელო ცენტრი მთაშია. კუნძულზე ვართ, მაგრამ ჩვენი ბაზა მთაშია. სადილზე ორ თანაგუნდელთან ერთად დაახლოებით საათანახევარი ვიყავი, ვჭამეთ, ვილაპარაკეთ, ფეხბურთის ამბები, განხილვა, ტაქტიკური, არატაქტიკური. ''სპორტინგს'' ''ვინგერი'' რაფინია არ ეყოლება, ფილიპე ფერეირა მარცხენა მცველია და მას ვუთხარი, რომ ცოტას ამოისუნთქებ-მეთქი. გაეცინა. სტატისტიკურადაც ''ნასიონალს'' ''სპორტინგთან'' ხშირად აუღია ქულები. ჩვენს მოედანზე თამაში მეტოქისთვის ადვილი არაა.

სადილზე ტელევიზორს ვუყურებდით. პორტუგალია ორ თემაზე საუბრობდა, ''პორტუსა'' და ''ლივერპულის'' შეხვედრის გარდა მძღოლებმა, რომლებსაც საწვავი გადააქვთ, ფართომასშტაბური პროტესტით დამსაქმებლებს პირობების გაუმჯობესება მოთხოვეს. პროტესტის გამო პორტუგალიაში საწვავის დეფიციტი შეიქმნა, თუმცა ეს პრობლემა კუნძულს არ ეხება. ჩემი აზრით სწორად იქცევიან, გამომდინარე იქიდან, რომ პორტუგალიაში მაღალი ხელფასები არაა, ხალხის ინიციატივამ, ხალხის პროტესტმა შესაძლოა გარკვეული შედეგი მოიტანოს. პროტესტი იმდენად ძლიერია, რომ მზად არიან რამდენიმე კვირა არ იმუშავონ. დღეს მთელი პორტუგალია ორ თემაზე საუბრობს, მათ პროტესტსა და ''პორტუ'' - ''ლივერპულის'' მატჩზე. 

სადილზე ფეხბურთის გარდა სხვა თემებზეც ჩამოვარდა საუბარი. მაგალითად, ღვინოზე. მე ყოველთვის ქართულ ღვინოს ვიცავ ხოლმე, თუმცა უნდა ვაღიარო, რომ პორტუგალიური ღვინო ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესოა. თანაგუნდელებს ასევე ვაჩვენე ბათუმის ფოტოები და მათ სახეებზე გაკვირვება ამოვიკითხე. ასეთ დროს საქართველოს შესახებ კითხვები უჩნდებათ ხოლმე. სადილზე იყო ფილიპ ფერეირა, რომელიც გრაცის ''შტურმიდანაა'' განათხოვრებული. როგორც მეუბნება ოთარ კიტეიშვილთან კარგი ურთიერთობა აქვს. ფილიპი სულ ჩურჩხელას გაიძახის. მისი გვარი ფერეირაა და ხუმრობით ამბობს, რომ ფერეიშვილი ვარო. ფერეიშვილი უფრო ჯდებაო, ფერერიძე არაო. კიტეიშვილმა ავსტრიაში ჩურჩხელა გაასინჯა და ძალიან მოეწონა. თბილისიდან ბევრი ჩურჩხელა უნდა წამოვუღო.

სადილის შემდეგ სახლში მოვედი, დაღლილი ვიყავი და წამოვწექი, როგორც მიყვარს ხოლმე. ''ნეტფლიქსი'' ჩავრთე, ფილმის ყურება დავიწყე, ამასობაში ჩამძინებია. გაღვიძების შემდეგ თავს კარგად ვგრძნობდი, კარგად დასვენებული ვიყავი.

შემდეგ ''არაბასთან'' გადავედი, ორივე თამაში ჩავრთეთ, როგორც '' მანჩესტერ სიტი''-''ტოტეჰემი,'' ასევე ''პორტუ'' - ''ლივერპული,'' რადგან მე ''პორტუ'' ძალიან მომწონს. ცოტა ვჭამეთ, თან ფეხბურთს ვუყურებდით, შემდეგ ''დურაკა'' და ''მჯერა-არმჯერა'' ვითამაშეთ. ბანქოში ჩემი მოგება ნორმალური ამბავია. სახლში საღამოს 11 საათზე დავბრუნდი და დავიძინე.

 დღე მეორე

დილით გავიღვიძე 8-ს რომ 15 წუთი აკლდა, მაგრამ მეძინებოდა, გუშინ კარგად დაძინება ვერ მოვახერხე, გაზაფხულზე ალერგია მაქვს ხოლმე, თვალები მტკივა, მისივდება, კარგად ვერ ვსუნთქავ, ჩემთვის ცოტა რთული პერიოდია. ხშირად სამედიცინო ნიღბითა და სათვალით დავდივარ.

მოვემზადე, გიომ გამომიარა და ვარჯიშზე წავედით. მინდორზე გასვლამდე ვიწონებით. ავიწონე. მთავარია რომ  ჩემს წონაში ვარ. აწონვის შემდეგ ასეთი კითხვები ისმის ხოლმე: ჰა რა ქენი გუშინდელის შემდეგ მოიმატე?  არა, არა. მერე ვინმე იტყვის: კი 300-400 გრამი. შემდეგ ''ღადაობები'' მიდის ხოლმე.

ვარჯიშის დაწყებამდე ''სპორტინგის'' თამაშს ვუყურეთ და განვიხილეთ. ხვალ ხომ ''სპორტინგს'' ვეთამაშებით, პორტუგალიის ერთ-ერთ საუკეთესო კლუბს. დღეს არ იყო დიდი დატვირთვა,  სტანდარტული მდგომარეობების უკეთ შესრულებაზე ვივარჯიშეთ, შემდეგ იყო ''კვადრატი'' და ცოტა ხალისიანი ვარჯიში გამოვიდა.

ვარჯიშმა კარგად ჩაიარა, შემდეგ ყინულის აბაზანა მივიღე. აუზიდან ამოსვლის შემდეგ განაცხადს დაველოდე. სახლში მას მერე წავედი, რაც 18 ფეხბურთელს შორის ჩემი გვარი ამოვიკითხე. სახლში მისვლამდე სადილზე გავიარე, სადაც ''მასა კარბონარა'' ვჭამე. ძალიან მიყვარს, ძალიან გემრიელი იყო.

სახლში მისვლის შემდეგ ცოტა ხანი მეძინა, არსად გავსულვარ, რაღაცებს ვუყურებდი, შემდეგ გიო მოვიდა და PUBG ვითამაშეთ.

''ნეტფლიქსზე'' ბიონსეს კონცერტს ვუყურე, კონცერტის დაწყებამდე მისი ბიოგრაფია იყო მოთხრობილი. ვიცი როცა რაღაცას ჩავრთავ, მერე ჩამეძინება ხოლმე. დღეს კარგი ამინდი იყო, აქ ყოველთვის კარგი ამინდია, დღეს განსაკუთრებით, კუნძულზე მზე არასდროს ჩადის, თუმცა ალერგიის გამო გარეთ გასვლას ვერიდები.

სტილისტთან ვიყავი, თმა შევისწორე, გრძელი თმა მაქვს და ვთქვი, რომ ''სპორტინგთან'' გამარჯვების შემთხვევაში თმას შევიჭრი. სტილისტთან ნახევარი საათი ვიყავი, ვსაუბრობდით ფეხბურთზე, ''ნასიონალზე,'' წარმატებები მისურვა და სახლში წამოვედი. საღამოს ''ბენფიკასა'' და ''აინტრახტის'' შეხვედრას ვუყურებდი, შემდეგ სასტუმროში წავედი, სადაც გუნდი ''სპორტინგთან'' მატჩამდე იკრიბებოდა.

თამაშამდე ყოველთვის სასტუმროში ვიკრიბებით. თამაშისთვის მაქსიმალურად ვემზადებით, ''სპორტინგი'' კარგი გუნდია.  ყველა ფიქრი თამაშისკენ გარბის. შესაძლებელია მოგება, ქულების აღება, რაც  ძალიან გვჭირდება. ადრე დავიძინეთ.

დღე მესამე

თამაშის დღეს სასტუმროში გავიღვიძე, როგორც ყოველთვის გუნდი წინა დღით სასტუმროში მიდის. ოთახში მე და კაპიტანი ვიტორ გონსალვეში ვიყავით, კარგად მეძინა. საუზმისას ბევრი არ მიჭამია. ზოგადად თამაშის დღეს ბევრს არ ვჭამ ხოლმე.

ოთახში დავბრუნდით, შეხვედრა საღამოს 6 საათზე იწყებოდა და დასვენებისთვის დიდი დრო გვქონდა. სადილამდე ''სამეფო კარის თამაშებს'' ვუყურე. ასევე მუსიკას ვუსმენდი და ''სპორტინგთან'' მატჩთან დაკავშირებით ვიტორთან ვსაუბრობდი, თამაშისადმი პოზიტიურად ვიყავით განწყობილნი, გვჯეროდა რომ მატჩის მოგება ან 1 ქულის მოპოვება შეგვეძლო.

სადილზე ქათმის თეთრი ხორცი და ცოტა ბრინჯი ვჭამე, დესერტად ხილის ასორტი დავაყოლე. სადილის შემდეგ ოთახში ვიყავით, მუსიკას ვუსმენდი და ვიტორთან ვსაუბრობდი. 4 საათზე გასახდელში შევიკრიბეთ და საპრესკონფერენციო ოთახში ავედით, სადაც კოშტინიამ ''სპორტინგის'' თამაშის მომენტები კიდევ ერთხელ ჩაგვირთო და 11 ფეხბურთელი დაასახელა, რომელთა შორისაც მეც მოვხვდი. მწვრთნელმა თითოეულ ფეხბურთელს დავალებები მოგვცა.

თამაშამდე საათნახევრით ადრე გამოვიცვალე, ყველაფერს ნელ-ნელა ვაკეთებ. ყოველთვის 10 წუთი ველოსიპედზე ვჯდები, ''ვიწელები,'' ერთ-ერთ თანაგუნდელს ვეძახი, ბურთს ვიღებ და ვთამაშობთ, რომ ბურთი არ დაგვივარდეს, შემდეგ კი გასახურებლად მოედანზე გავდივართ.

გუნდი პოზიტიურად იყო განწყობილი,  გვჯეროდა რომ დღეს ჩვენი დღე იყო. ძალიან ინტენსიური თამაში გამოვიდა, ''სპორტინგმა'' შეძლო და თამაში გააკონტროლა. სამწუხაროდ 0:1 წავაგეთ, თუმცა ქულის მოპოვება ნამდვილად შეგვეძლო.

თამაში წავაგეთ და გასახდელში რთული ვითარებაა, ყველა გულდაწყვეტილია, ფიქრებში ვარ, გასახდელში მარტო ვჯდები, წყალი გადავივლე და სახლში წავედი.დავისვენე, ძალიან დაღლილი ვიყავი. თამაშის შემდეგ არ ვჭამ ხოლმე.

დასვენების შემდეგ გიოსთან გადავედი, გიოს ბიძამ მომწერა, რომ კარგი ბორშჩი ჰქონდა გაკეთებული, ძალიან მიყვარს ბორშჩი, მაგრად ''გაასწორა,'' შემდეგ ცოტა ხანი ბანქო ვითამაშეთ და მალევე სახლში გადმოვედი, რადგან დილით ვარჯიში მქონდა.

გვიან ჩამეძინა, მატჩის თითოეულ მომენტზე ვფიქრობდი...

დღე მეოთხე

8 საათზე გამეღვიძა, კარგად ვერ გამოვიძინე, დილით ვარჯიში მქონდა, წავაგეთ და საერთოდ თამაშის მერე გვიანობამდე არ მეძინება ხოლმე. ყველაფერზე ვფიქრობ, თამაშის თითოეული ეპიზოდი თვალწინ მიდგას, ჩემი ფიქრები მხოლოდ ''სპორტინგთან'' მატჩს უკავშირდება.

ვარჯიშზე მე და ვიტორი მისი მანქანით წავედით, მას ფეხი სტკივა და საჭესთან მე დავჯექი, მივეხმარე. წაგების მერე არასდროსაა მხიარული გასახდელი, რაც ფეხბურთში ნორმალურია. ვისაუზმეთ, შემდეგ იყო მასაჟი და აღდგენითი ვარჯიშები, 10-15 წუთი ვირბინეთ,  ''გავიწელეთ,'' ისევ მასაჟი და ყინულის აბაზანა. შემდეგ სახლში წამოვედით.

სახლთან ახლოს ვისადილე, რომ სახლში მალე გადავსულიყავი და დამესვენა, თუმცა ამასობაში ტელევიზორში თამაშები გადიოდა, ჩავუჯექი, ფეხბურთს ვუყურე.

დაახლოებით საღამოს ექვს საათზე ''არაბასთან'' გადავედი, ბანქო ვითამაშეთ, წაგების მერე ცოტა გული გადავაყოლეთ, ვლაპარაკობდით, შემდეგ ზღვის პირას გავისეირნეთ  და თევზეულობა ვჭამეთ. მარტივი და წყნარი დღე იყო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები