Aa
Aa

"ბარსა" დე ლიხტის შეძენასთან ახლოსაა!

ESPN-ის ინფორმაციით, "ბარსელონა" "აიაქსის" 19 წლის კაპიტნის მატიის დე ლიხტის შეძენასთან ახლოსაა.

როგორც ცნობილია, კლუბებს შორის მოლაპარაკებები უკვე დიდი ხანია მიმდინარეობს და არსებობს ინფორმაცია, რომ უამრავი შემოთავაზების მიუხედავად დე ლიხტის პრიორიტეტი სწორედ "ბარსელონაა".

დე იონგის შეძენის შემდეგ იყო მოლოდინი, რომ "ბარსას" დე ლიხტთან მოლაპარაკება გაუადვილდებოდა და როგორც ჩანს, ეს ასეც ხდება.

ამსტერდამელებსა და ესპანელებს შორის არსებობს წინასწარი შეთანხმება, რომლის მიხედვითაც "აიაქსი" დე ლიხტზე შემოთავაზების მიღების შემთხვევაში "ბარსელონას" ინფორმაციას მიაწვდის და მათ წინადადებას პირველ რიგში განიხილავს.

ეს ყველაფერი იმას ნიშნავს, რომ "ბლაუგრანა" დე ლიხტზე პრიორიტეტს ფლობს. "აიაქსი" ჯერ მათ მოუსმენს და მხოლოდ ამის შემდეგ განიხილავს სხვების წინადადებებს.

როგორც ცნობილია დე ლიხტის შეძენით "იუვენტუსი" და "ბაიერნიც" ინტერესდებიან და "აიაქსი" თავიანთი კაპიტნის სანაცვლოდ 80 მილიონი ევროს მიღებას გეგმავს.

"ბარსელონა" მიმდინარე სატრანსფერო ბაზარზე სიფრთხილეს იჩენს. ლა ლიგის მოქმედი ჩემპიონი ფეხბურთელების გაყიდვით 300 მილიონის მიღებას გეგმავს, ხოლო ამ თანხას შემადგენლობის გაძლიერებას მოახმარს.

შეგახსენებთ, რომ "ბარსელონასთან" კონტრაქტის გაფორმების შემდეგ, დე იონგი ჰოლანდიური ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული მოთამაშე ხდება. „აიაქსი“ მის სანაცვლოდ 75 მილიონ ევროს მიიღებს, რასაც ბონუსების სახით პლუს 11 მილიონი დაემატება.

"ბარსა" ამსტერდამელებს ამ ეტაპზე დე ლიხტის სანაცვლოდ 75 მილიონ ევროს სთავაზობს. ვნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები