დრეიკის
Aa
Aa

დრეიკის "წყევლა" გრძელდება! პსჟ და სხვები - კანადელი რეპერის გასაოცარი ისტორიები!

კანადელი რეპერის დრეიკის „წყევლა“ გრძელდება. ამჯერად მან პსჟ „შეიწირა“.

დრეიკმა „ლილისა“ და პსჟ-ს თამაშამდე პარიზელთა მარცხენა მცველთან ლაუვინ კურზავასთან ფოტო გადაიღო, რომელიც ფეხბურთელმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.

ტომას ტუხელის გუნდმა კვირას „ლილთან“ 1:5 წააგო. პარიზელებმა ხუთი ბურთი ბოლოს 2000 წელს გაუშვეს.

დრეიკი როგორც ჩანს კვლავ „ფორმაშია“. როგორც მოგეხსენებათ, კანადელ რეპერს უამრავი სპორტული გუნდის დაღმასვლას აბრალებენ. მივყვეთ თანმიმდევრობით.

დავიწყოთ ფეხბურთით. ობამეიანგმა დრეიკთან ერთად გადაღებული ფოტო სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა, 5 დღის შემდეგ „არსენალმა“ პრემიერლიგაში „ევერტონთან“ მნიშვნელოვანი მატჩი წააგო.

კუნ აგუერომ „ტოტენჰემთან“ ჩემპიონთა ლიგის მატჩამდე დრეიკთან სელფი გადაიღო, რომელიც რა თქმა უნდა ინტერნეტშიც მოხვდა. არგენტინელმა ფორვარდმა „დეზებთან“ შეხვედრაში პენალტი გააფუჭა, „სიტიმ“ მატჩი 0:1 დათმო.

„დორტმუნდის“ ინგლისელმა შემტევმა ჯეიდონ სანჩომ „ბაიერნთან“ მატჩამდე დრეიკთან ერთად ფოტო გადაიღო... ყველაფერი იმით დასრულდა, რომ ლუსიენ ფავრის გუნდმა მიუნხენელებთან 0:5 წააგო.

გადავიდეთ ამერიკაში, სადაც დრეიკს არაერთი საინტერესო ისტორია აქვს.

მაგალითად, „კენტუკის“ კოლეჯის საკალათბურთო გუნდი. 2012 წელს ისინი „მარტის სიგიჟის“ გამარჯვებულები გახდნენ. თითქოს ყველაფერი კარგად იყო, თუმცა 2014 წელს ნახევარფინალის მოგების შემდეგ მათ გასახდელს დრეიკი ესტუმრა. რეპერმა გადაწყვიტა, რომ გუნდს გამხნევება სჭირდებოდა და მათ სიტყვით მიმართა.

„კენტუკიმ“ მოგვიანებით ხსენებული ფინალი წააგო და მას შემდეგ მათ ფინალში აღარც უთამაშიათ.

ცნობილი ფაქტია, რომ დრეიკი NBA-ს გუნდის „ტორონტო რეპტორსის“ ქომაგია. კანადური გუნდი სუპერფინალში გასვლას ვერ ახერხებს, რაც რა თქმა უნდა არავის უკვირს...

ამერიკული ფეხბურთის ჯერიც დადგა. კოლეჯთა ლიგის ფინალში ერთმანეთს „ალაბამა“ და „კლემსონი“ დაუპირისპირდნენ.

„ალაბამა“ აშკარა ფავორიტი გახლდათ. ისინი ბოლო წლებში დომინირებდნენ, თუმცა ყველაფერი დრეიკმა დაასრულა.

ფინალის წინ რეპერმა ინსტაგრამზე „ალაბამას“ მოგება დაანონსა, რომელმაც შეხვედრა მოულოდნელად უშანსოდ 16:44 დათმო.

NFL - წლევანდელი სეზონი. ამერიკული ფეხბურთის კონფერენციის ფინალების წინ, დრეიკმა სოციალურ ქსელში გამოქვეყნა ფოტო, სადაც მას ოთხივე გუნდის ლოგოთი გაფორმებული მაისური ეცვა. ფოტოს თან დაურთო ტექსტი სადაც ის თავისი „წყევლის“ შესახებ ირონიულად ხუმრობდა: „მათთვის ვისაც დრეიკის წყევლის სჯერა. წარმატებები“.

რეპერის „წყევლის“ სიძლიერე ყველაზე კარგად აქ გამოჩნდა. კონფერენციის ორივე ფინალური მატჩი ფრედ დასრულდა! ზოგადად ამერიკულ ფეხბურთში ფრე საკმაოდ იშვიათი რამ გახლავთ, თუმცა საქმეში დრეიკი ჩაერია...

და ბოლოს - UFC-ის ისტორიაში ყველაზე პოპულარული ჯახი: კონორი ხაბიბის წინააღმდეგ.

ბრძოლამდე დრეიკმა მაკგრეგორს მხარდაჭერა გამოუცხადა და მასთან ერთად გადაღებული ფოტო ინტერნეტში გამოაქვეყნა.

საბოლოოდ რა და როგორ მოხდა ყველამ ძალიან კარგად ვიცით...

ახლა მხოლოდ ერთი კითხვა ისმის - ვინ იქნება შემდეგი?

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები