Aa
Aa

მალდინი: "დარწმუნებულები ვართ ჯენარო ის სპეციალისტია, რომელიც „მილანს“ წარმატებას მოუტანს

ჯენარო გატუზოს „მილანს“ რთული პერიოდი უდგას. „როსონერიმ“ უკანასკნელ 4 შეხვედრაში მხოლოდ ერთი ქულა აიღო და მდგომარეობა საგრძნობლად გაირთულა. „შავ-წითლებს“ ფეხის დაცდენის უფლება აღარ აქვთ და შაბათს უმნიშვნელოვანესი მატჩი ელით, რომელსაც უშუალო კონკურენტის, „ლაციოს“ წინააღმდეგ გამართავენ.

„ლაციალესთან“ დაპირისპირების წინ იტალიელმა ჟურნალისტებმა „მილანის“ სტრატეგიული განვითარების დირექტორს, პაოლო მალდინის, ინტერვიუ ჩამოართვეს. ლეგენდარული უკანახაზელი რამდენიმე საინტერესო საკითხს შეეხო და განაცხადა: „ლაციო“ მაღალი დონის ფეხბურთელებით დაკომპლექტებული გუნდია, რომელიც „მილანის“ მსგავსად ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის იბრძვის. წინ საკმაოდ რთული მატჩი გველის“.

„მიმდინარე სეზონში ჩავარდნა რამდენჯერმე გვქონდა, თუმცა თუ „ლაციოს“ და „ტორინოს“ წინააღმდეგ სასურველ შედეგს დავაფიქსირებთ, ოთხეულში მოსახვედრად დიდ ნაბიჯს გადავდგამთ“.

„იუვენტუსთან შეხვედრამ დაგვარწმუნა, რომ როგორც ფიზიკურად, ასევე მენტალურად, მშვენიერ ფორმაში ვიმყოფებით“.

მალდინიმ „როსონერის“ ამჟამინდელი თავკაცის, ჯენარო გატუზოს, შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა: „რინოს მუშაობით კმაყოფილები ვართ. მისი ყოველთვის გვჯეროდა და გატუზოს შემცვლელის ძიება აზრადაც არ მოგვსვლია. დარწმუნებულები ვართ ჯენარო ის სპეციალისტია, რომელიც „მილანს“ წარმატებას მოუტანს. რინო კლუბს მშვენივრად იცნობს, ფეხბურთელებთან იდეალური ურთიერთობა აქვს და ახალგაზრდებს ადაპტაციაში ეხმარება“.

„სეზონის სტარტზე გატუზოსთვის საუკეთესო ოთხეულში მოხვედრა არ მოგვითხოვია და ის ფაქტი, რომ ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის ვიბრძვით, ბევრ რამეზე მეტყველებს“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები