Aa
Aa

ტრავმებმა თავისი ქნა - გენო პეტრიაშვილი ტაჰა აკგულთან დამარცხდა და ვერცხლს დასჯერდა

რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში მიმდინარე თავისუფალ სტილით მოჭიდავეთა ევროპის ჩემპიონატზე სუპერმძიმე (125) წონით კატეგორიაში მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი გენო პეტრიაშვილი ევროპის შვიდგზის (უკვე 8) ჩემპიონ თურქ ტაჰა აკგულთან უშანსოდ დამარცხდა და ვერცხლის მედალს დასჯერდა.

გენოს მარცხს თავისი მიზეზები ჰქონდა. ქართელი გოლიათი ტრავმით ასპარეზობდა და ეს მის გამოსვლაზეც აისახა.

შეგახსენებთ, რომ 92 კგ კატეგორიაში ბრინჯაოს მედლისთვის ერთმანეთს ირაკლი მწითური და რუსი მაგომედ კურბანოვი დაუპირისპირდნენ.

მწითურმა ბრინჯაოს მედალი საოცრად დაძაბულ და დრამატულ ბრძოლაში მოიპოვა.

მთელი ბრძოლის დროს თითქოს უპირატესობას რუსი ფალავანი ფლობდა, თუმცა დროს ამოწურვამდე 5 წამით ადრე მწითურმა მეტოქე ხაზს მიღმა გადაიყვანა და ანგარიში გაათანაბრა - 3-3. გამარჯვება ჩვენ დაგვრჩა.

აქვე გეტყვით, რომ 61 კგ კატეგორიის ფინალში ბექა ლომთაძე სომეხ არსენ არუთინიანთან 11-17 დამარცხდა.

74 კგ კატეგორიაში კი ბრინჯაოს მედლის მფლობელი ავთანდილ კენჭაძე გახდა, რომელმაც უკრაინელ მიხაილოვს დამაჯერებლად 12-1 სძლია და მედალი ლამაზ სტილში მოიპოვა.

ამრიგად ევროპის ჩემპიონატზე ქართულმა დელეგაციამ 6 მედლით დაასრულა - 2 ვერცხლი და 4 ბრინჯაო.

ცხელი ამბები