ხიზანიშვილი ირლანდიასთან მატჩზე: ''ცენტრალური მცველისთვის პოზიციის შეცვლა დისკომფორტია''
Aa
Aa

ხიზანიშვილი ირლანდიასთან მატჩზე: ''ცენტრალური მცველისთვის პოზიციის შეცვლა დისკომფორტია''

საქართველოს 16 წლამდე ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ზურაბ ხიზანიშვილმა ''სპორტი იმედზეს'' ეთერში სტუმრობისას საქართველოს ეროვნული ნაკრების შესახებ ისაუბრა. მისი თქმით ირლანდიასთან გასვლით მატჩში მარცხენა ფლანგზე დავით ხოჭოლავას ნაცვლად ლევან ხარაბაძის გამწესება უმჯობესი იქნებოდა. ასევე, ''ბლექბერნისა'' და ''ნიუკასლის'' ყოფილმა ფეხბურთელმა ვატო არველაძის პროგრესზე გააკეთა აქცენტი.

ზურაბ ხიზანიშვილი:''ვატოს როგორც პიროვნებას ძალიან დიდი ხანია ვიცნობ. მან, როგორც ფეხბურთელმა, ძალიან დიდი პროგრესი განიცადა. მასთან თბილისის ''ლოკომოტივში'' ვმუშაობდი, როცა გიორგი დევდარიანის ასისტენტი ვიყავი, შემდეგ საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებშიც მივიწვიეთ. უკანასკნელი წელიწადნახევრის განმავლობაში ვატომ ძალიან დიდი პროგრესი განიცადა, რაც განაპირობა იმ ფაქტმა, რომ პოლონეთში წასვლის შემდეგ ვატო რადიკალურად შეიცვალა, სხვა ადამიანი მოგვევლინა. პოლონეთში წასვლის შემდეგ ვატო ახალგაზრდულ ნაკრებში გამოვიძახეთ და რადიკალურად სხვა ადამიანი ჩამოვიდა. 

რაც შეეხება ხარაბაძეს, ყოველთვის თავს ვიკავებ ჩემი აზრი გამოვთქვა თუ ვინ უნდა დააყენოს მთავარმა მწვრთნელმა სასტარტო შემადგენლობაში, ეს მისი გადასაწყვეტია. მე როგორც ფეხბურთელი და როგორც მწვრთნელი ვფიქრობ უმჯობესია ფეხბურთელმა თავის პოზიციაზე ითამაშოს ვიდრე ბევრი ცვლილება განხორციელდეს. ნებისმიერ შემთხვევაში ცენტრალური მცველი ფლანგზე დისკომფორტს გრძნობს. ხარაბაძემ ირლანდიასთან  თავი კარგად წარმოაჩინა.

მოდი ჩავრთოთ ირლანდიასთან გამართული შეხვედრის ბოლო წუთები. ფიზიკური მომზადების კუთხით მეტოქემ მხოლოდ აჩქარებების რაოდენობით გვაჯობა, თუმცა დაფარული მანძილის მიხედვით ქართველები  მეტოქეს არ ჩამორჩებოდნენ.''

შეგახსენებთ, ირლანდიასთან შეხვედრაში ვლადიმირ ვაისმა მარცხენა ფლანგზე დავით ხოჭოლავა ათამაშა, თუმცა ტრავმის გამო მეორე ტაიმში ლევან ხარაბაძემ შეცვალა. აღსანიშნავია, რომ ხოჭოლავა ამპლუით ცენტრალური მცველია, ხარაბაძე კი - მარცხენა მცველი.

ფოტო: gff.ge

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები