დე ლიხტი:
Aa
Aa

დე ლიხტი: "კიელინის თამაშით აღფრთოვანებული ვარ, იტალიური სკოლა ყოველთვის ნომერ პირველი იყო"

ამსტერდამის "აიაქსის" ჰოლანდიელმა ცენტრალურმა მცველმა მატიის დე ლიხტმა Tuttosport-თან "იუვენტუსის" წინააღმდეგ მოახლოებულ შეხვედრაზე და საკუთარი კარიერის შესახებ ისაუბრა.

"იუვენტუსში ჩემი ტრანსფერი შესაძლებელია, მაგრამ ასევე არიან სხვა გუნდებიც, რომლებსაც ჩემი შეძენა სურთ.

საჭირო დროს გავიგებთ და ვნახავთ რაც მოხდება. ამჟამად თავიდან ბოლომდე "აიაქსზე" ვარ კონცენტრირებული და სხვა დანარჩენზე ჩემი აგენტი მინო რაიოლა ზრუნავს. აქვე იმასაც გეტყვით, რომ დე იონგს ჩემთან "ბარსელონას" შესახებ არ უსაუბრია.

კიელინის თამაშით ნამდვილად აღფრთოვანებული ვარ, ის ძალიან ძლიერია და ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესოა.

ბონუჩისაც ძალიან ვაფასებ. ისინი არიან ევროპაში საუკეთესო ცენტრალური მცველები, ისეთები რომელთაგანაც ჩემნაირმა ახალგაზრდა უკანახაზელებმა მაგალითი უნდა აიღონ.

ნესტასთან და სტამთან ჩემი შედარება? ეს ყველაფერი მე მახარებს. ისინი უმაღლესი დონის უკანახაზელები იყვნენ. მათ დონემდე მისასვლელად მე ჯერ კიდევ ბევრი მაქვს სასწავლი.

ნესტა ყოველთვის დიდებული მცველი იყო. მე ასევე მალდინისა და ბარეზის ვიდეობსაც ხშირად ვუყურებ. მცველებში იტალიური სკოლა ყოველთვის ნომერ პირველი იყო.

რონალდუ მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშეა. "იუვენტუსი" მასთან ერთად გაცილებით ძლიერია. კრიშტიანუსთან ერთად თამაში ნამდვილად დიდი გამოწვევა იქნებოდა.

"იუვენტუსი" შესანიშნავი გუნდია, მაგრამ ჩვენ გვჯერა, რომ მათი ბარიერის დაძლევა შეგვძლია, რადგან "აიაქსი" ახალგაზრდული გუნდია და ჩვენზე ზეწოლაც ნაკლებია.

პლუს ამას, ჩვენ საკუთარი რონალდუც გვყავს - დუშან ტადიჩი!"

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები