Aa
Aa

პოგბამ სტერლინგი დაიცვა და ბრიტანულ პრესას ბრალი რასიზმში დასდო

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ფრანგმა სუპერვარსკლავმა, პოლ პოგბამ, ბრიტანულ პრესას ბრალი რასიზმში დასდო. 26 წლის ნახევარმცველმა რაჰიმ სტერლინგის გარშემო ატეხილ აჟიოტაჟს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ „სიტის“ შემტევს „ნისლიან ალბიონზე“ იმიტომ აკრიტიკებენ, რომ შავკანიანია.

პოგბამ საკუთარი პოზიცია Sky Sport-სთვის მიცემულ ინტერვიუში დააფიქსირა და კითხვაზე ეპყრობოდა თუ არა ბრიტანული მედია სტერლინგს კანის ფერის გამო განსხვავებულად, განაცხადა: „ვფიქრობ ზუსტად ასეა. მოედნის მიღმა განხორციელებული ქმედებების გამო სტერლინგს ხშირად აკრიტიკებენ და თითქმის არავის აინტერესებს როგორ თამაშობს“.

„რაჰიმს ბრწყინვალე სტატისტიკა აქვს. იგი „სიტის“ ერთ-ერთი ლიდერია და გოლი გოლზე გააქვს. ჩემი აზრით მის ადგილას სხვა რომ ყოფილიყო, აბსოლუტურად განსხვავებული სიტუაცია გვექნებოდა“.

„ყოველთვის ვამბობდი რომ ფეხბურთში რასიზმის ადგილი არაა. ფეხბურთი ლამაზი სპორტია, რომელიც ხალხს აბედნიერებს. როცა ვიღაც შესანიშნავად ასპარეზობს, მას ზუსტად ისე უნდა მოექცნენ, როგორც სხვას, ვინც ასევე კარგად თამაშობს“.

სტერლინგს მხარს ინგლისის ნაკრების ფეხბურთელებიც უჭერენ. უკანასკნელი, ვინც რაჰიმი საჯაროდ დაიცვა, „ტოტენჰემის“ განაპირა მცველი, დენი როუზი, გახლდათ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები