ტიმის და ანდრეესკუს ტრიუმფი ინდიან უელსზე
ინდიან უელსის მასტერსი ავსტრიელი დომინიკ ტიმის ტრიუმფით დასრულდა. მსოფლიოს მერვე ჩოგანი გადამწყვეტ შეხვედრაში ლეგენდარულ როჯერ ფედერერს დაუპირისპირდა და სამ სეტში, 3-6, 6-3, 7-5 სძლია.
შვეიცარიელი მეტოქეზე უკეთ გამოიყურებოდა, თუმცა მნიშვნელოვან მომენტებში მისთვის უჩვეულო შეცდომებს უშვებდა. როჯერს მოწინააღმდეგის მოწოდების აღების შანსი 11-ჯერ ჰქონდა, მაგრამ მხოლოდ ორჯერ გამოიყენა. რაც შეეხება ტიმს მან 4 შესაძლებლობიდან სასურველი შედეგი 3-ჯერ დააფიქსირა.
ავსტრიელი ჩოგბურთელი მასტერსის სერიის გათამაშების ფინალში მესამედ გავიდა და სანუკვარ თასს პირველად დაეუფლა. ტიმს სულ ATP-ის 12 ტიტული აქვს მოპოვებული.
სენსაციური დასასრული ჰქონდა ინდიან უელსის ქალთა ფინალსაც. 18 წლის კანადელმა ჩოგბურთელმა, ბიანკა ანდრეესკუმ, რომელიც ტურნირზე უაილდ კარდით გახლდათ მიწვეული, გადამწყვეტ მატჩში ანჟელიკ კერბერი სამ სეტში, 6-4, 3-6, 6-4 დაამარცხა.
ანდრეესკუმ შარშანდელი ჩემპიონის, ნაომი ოსაკას მიღწევა გაიმეორა და ინდიან უელსი განუთესავი ჩოგბურთელის სტატუსით მოიგო.
ტიმმა და 18 წლის კანადელმა თასთან ერთად 1.3 მილიონი დოლარი მიიღეს.