Aa
Aa

დელოფეუ მესიზე: "ერთხელ მას ბურთი ისე გადავაწოდე, თითქოს საზამთრო ვესროლე, მან კი"...

ინგლისური „უოტფორდის“ შემტევმა, ხერარდ დელოფეუმ პრემიერ ლიგის გასულ ტურში „კარდიფთან“ 3 გოლი გაიტანა და 1 საგოლე პასიც მიითვალა. მას ჟურნალისტები უქმეების საფეხბურთო ამბების შესახებ ესაუბრნენ. დელოფეუმ აღნიშნა, რომ „კარდიფთან“ შეხვედრის შემდეგ თავი უკვე უქმეების საუკეთესო ფეხბურთელად წარმოედგინა, თუმცა ლიონელ მესიმ ყველაფერი შეცვალა.

არგენტინელმა შემტევმა „სევილიასთან“ ასევე 3 გოლი და 1 საგოლე პასი მიითვალა და დელოფეუს თქმით, მისივე თამაში გადაფარა.

„ვფიქრობდი, რომ ევროპის 5 წამყვანი ჩემპიონატის მასშტაბით უქმეების საუკეთესო ფეხბურთელი მე ვიქნებოდი, თუმცა შემდეგ მესის „სანჩეს პისხუანზე“ ნაჩვენები თამაში ვნახე. არგენტინელი საოცარია და მისი ყურებით ნამდვილად სიამოვნებას ვიღებ.

მახსოვს, „ბარსელონაში“ ყოფნისას ერთხელ მას ბურთი ისე გადავაწოდე, თითქოს საზამთრო ვესროლე, თუმცა მან იგი ისე ჩამოიღო, რომ ბოდიშის მოხდა მომიწია. მისთვის რთული არაფერია.

კატალონიაში გატარებული პერიოდით კმაყოფილი ვარ, რადგან მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელების გვერდით ვთამაშობდი, თუმცა მე ჩემი საფეხბურთო გზა მაქვს და მას უნდა მივყოლოდი. „ბარსა“ ჩემი სახლია, მსოფლიოში საუკეთესო გუნდი, თუმცა ფეხბურთელი თავს მნიშვნელოვნად უნდა გრძნობდე. მე კი მომთმენი ადამიანი არ ვარ, მჭირდებოდა, რომ მეთამაშა, რაც იქ არ ხერხდებოდა“.

„უოტფორდის“ ერთ-ერთ ლიდერს სარი-კეპას ინციდენტზეც ჰკითხეს, რაზეც მოკლე კომენტარი გააკეთა.

„იმ მატჩს თვალს ტელევიზორით ვადევნებდი და ეპიზოდის ნახვისას ცუდი შეგრძნება დამეუფლა. თქვენ უნდა იცნობდეთ კეპას, ის შესანიშნავი ადამიანია. ვფიქრობ, ეს მხოლოდ მწვრთნელთან მომხდარი გაუგებრობა იყო“.

ხერარდ დელოფეუ „უოტფორდის“ ისტორიაში პირველი ფეხბურთელია, რომელმაც პრემიერ ლიგის მატჩში ჰეთ-თრიქი შეასრულა. იგი „კრაზანების“ რიგებში გასულ ზაფხულს „ბარსელონადან“ გადავიდა. აღნიშნული ტრანსფერი 12.5 მილიონი ევრო დაჯდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები