დღეს სარი
Aa
Aa

დღეს სარი "ჩელსის" ხელმძღვანელობას შეხვდება

ბრიტანული გამოცემა The Sun-ის ცნობით „ლონდონის ჩელსის“ მთავარი მწვრთნელი, მაურიციო სარი, დღეს კლუბის ხელმძღვანელობას შეხვდება.

„ნისლიან ალბიონზე“ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად სარი „ჩელსის“ მესვეურებთან სამომავლო გეგმების შესახებ ისაუბრებს და კეპა არისაბალაგასთან დაკავშირებულ პრობლემებსაც განიხილავს

იტალიელ სპეციალისტს შესაძლოა უახლოეს პერიოდში „სტემფორდ ბრიჯის“ დატოვება მოუწიოს. როგორც ცნობილი გახდა „არისტოკრატების“ გადაწყვეტილებაზე დიდი გავლენას „ტოტენჰემთან“ გასამართი ლონდონური დერბი იქონიებს. თუ „ლურჯებმა“ „დეზებთანაც“ წააგეს სარის ახალი გუნდის მოძებნა მოუწევს.

„კარაბაოს თასის“ ფინალში მომხდარ ინციდენტს „ჩელსიში“ დიდი არეულობა მოჰყვა. „სიტისთან“ გამართული თერთმეტმეტრიანების სერიის წინ ესპანელი გოლკიპერი მაურიციო სარის არ დაემორჩილა და მოედნის დატოვებაზე უარი განაცხადა. ფეხბურთელთა უმრავლესობა მაურიციოს პოზიციას იზიარებს, თუმცა ნაწილი კეპას ემხრობა.

მაურიციოს პრობლემები არც გუარდიოლას ბიჭებთან განცდილ მარცხამდე აკლდა. „ლურჯებმა“ უკანასკნელი 7 შეხვედრიდან 4 წააგეს და „ბორნმუთთან“ 4-0, „ქალაქელებთან“ კი 6-0 განადგურდნენ.

სარის „ჩელსისთან“ კონტრაქტი 2021 წლამდე აკავშირებს. The Sun-ის მიხედვით ლონდონელებს მისი გათავისუფლების შემთხვევაში კომპენსაციის სახით 5 მილიონი ფუნტის გადახდა მოუწევთ.

ასევე იხილეთ - გოგა ბითაძე ადრიატიკის ლიგის MVP-ის ტიტულისთვის იბრძვის

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები