ებრალიძის იძულებითი პაუზა
პორტუგალიური ''ნასიონალის'' ქართველი ახალწვეული ავთო ებრალიძე ტრავმირებულია. 27 წლის ფეხბურთელი მინდორს სამ კვირაში დაუბრუნდება. ამ თემაზე ფეხბურთელი CrystalSport-ს ესაუბრა. ტრავმის გამო ებრალიძემ პორტუგალიის ჩემპიონატის გასულ ტურში ლისაბონის ''ბენფიკასთან'' შეხვედრა გამოტოვა და მისი დებიუტი ახალ გუნდში გადაიდო.
ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონის პირველი ნახევარი პორტუგალიის უმაღლესი ლიგის კლუბ ''შავეშში'' გაატარა. 27 წლის მოთამაშე ''შავეშის'' შემადგენლობაში გასულ ზაფხულში ჩაირიცხა და მიმდინარე სეზონში პორტუგალიის უმაღლეს ლიგაში 12 მატჩი ჩაატარა. გარდა ამისა გარემარბმა პორტუგალიის ლიგის თასის 1 შეხვედრაში და პორტუგალიის თასის 4 მატჩში მიიღო მონაწილეობა.

გასულ თვეში ებრალიძემ ''შავეში'' ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე დატოვა და კონტრაქტი კოშტინიას გაწვრთნილ ''ნასიონალთან'' გააფორმა.
ქართველი მოთამაშე პორტუგალიის უმაღლეს ლიგაში 2013-15 წლებში ''ჟილ ვისენტეს'' მაისურით ასპარეზობდა. ამ პერიოდში ებრალიძე საქართველოს ეროვნულ გუნდში მოხვდა და თემურ ქეცბაიას მწვრთნელობისას სამ მატჩში მიიღო მონაწილეობა. ქეცბაიას ეროვნული ნაკრებიდან წასვლის შემდეგ ებრალიძე ეროვნულ გუნდში არ მიუწვევიათ.
ესპანური ''ხეტაფეს'' 19-წლამდე გუნდის ყოფილი მოთამაშე ასევე იცავდა ''ვიზეუსა'' და ''ოლივეირენსეს'' ღირსებას. მან პროფესიული კარიერა მხოლოდ პორტუგალიურ კლუბებში გაატარა.
ფოტო: gff.ge