Aa
Aa

ზლატანი: "მე არ მითქვამს, რომ ის დიდი ფეხბურთელი არაა"

ამერიკაში წასული ზლატან იბრაჰიმოვიჩი აქტუალობას არ კარგავს და ხმაურიანი განცხადებების გაკეთებას არ ეშვება. რამდენიმე თვის წინ „იბრამ“ კრიშტიანუ რონალდუს შესახებ ირონიული კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ მისი „იუვენტუსში“ გადასვლა გამოწვევა არაა.

37 წლის შვედი ფორვარდი ამბობდა, რომ „იუვე“ ჩემპიონთა ლიგის ფინალში ბოლო 4 სეზონში 2-ჯერ გავიდა, იტალიის ჩემპიონატს კი ლამის თვალდახუჭული იგებს, შესაბამისად, რონალდუსთვის იქ გადასვლა გამოწვევად ნაკლებად უნდა ჩაითვალოს.

ვეტერან თავდამსხმელს ამ თემის შესახებ გუშინ კიდევ ერთხელ ჰკითხეს, რაზეც პასუხი ნამდვილად არ დაზარებია. გარდა ამისა, „იბრამ“ ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონზეც მცირე კომენტარი გააკეთა.

მე არ მითქვამს, რომ ის დიდი ფეხბურთელი არაა, ვთქვი, რომ „იუვენტუსის“ არჩევა გამოწვევა არ იყო. არ მგონია, რომ მსოფლიოს ერთ-ერთ უძლიერეს გუნდში გადასვლა გამოწვევა იყოს, თუმცა, შეიძლება, კონკრეტული ადამიანებისთვის ეს სხვაგვარად აღიქმება. მაგალითად, ჩემთვის ეს სიტყვა ნიშნავს, რომ გუნდში გადახვიდე და ის ახალ დონეზე აიყვანო, გამოწვევა სწორედ ესაა. სერია A ჩემი მეორე სახლია, რონალდუს ტრანსფერი კი მას ნებისმიერ შემთხვევაში გაზრდის და განავითარებს.

ამ სეზონში გუნდები გახსნილ ფეხბურთს თამაშობენ და ფავორიტის დასახელებაც საკმაოდ რთულია. სიმართლე გითხრათ, ჩემს ძველ გუნდებს ვგულშემატკივრობ: „პსჟ“, „მანჩესტერ იუნაიტედი“, „იუვენტუსი“ და „ბარსელონა“. სამწუხაროდ, „ინტერი“ უკვე გავარდა, „მილანი“ კი ტურნირზე არაა. ასე რომ, იმედი მაქვს, ჩამოთვლილი 4 გუნდიდან ტიტული ერთ-ერთს დარჩება“. - ამბობს "იბრა".

ზლატან იბრაჰიმოვიჩი გასული წლის მარტიდან მოყოლებული ამერიკის საფეხბურთო ლიგაში (MLS) თამაშობს და იქაური "ლოს ანჯელეს გელექსის" ღირსებას იცავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები