თარგამაძე შესაძლოა უკრაინის ჩემპიონატში დაბრუნდეს
Aa
Aa

თარგამაძე შესაძლოა უკრაინის ჩემპიონატში დაბრუნდეს

გასული წლის მიწურულს ''საბურთალოს'' დატოვების შემდეგ დავით თარგამაძე შესაძლოა უკრაინის პრემიერლიგის აუტსაიდერ კიევის ''არსენალში'' დაბრუნდეს. ინფორმაციას footboom-ი ავრცელებს. 29 წლის ფეხბურთელი თავისუფალი აგენტია.

18 ტურის შემდეგ 12-გუნდიან უკრაინის პრემიერლიგაში ''არსენალი'' 8 ქულით ბოლო ადგილზეა და უშუალო კონკურენტ ოდესის ''ჩერნომორეცს'' 4 ქულით ჩამორჩება.

ქართველ გარემარბს ''ფრაიბურგში,'' ''ოლექსანდრიასა'' და მარიუპოლის ''ილიჩევეცში'' უთამაშია. 2008-09 წლების სეზონში ''ფრაიბურგი'' მეორე ბუნდესლიგის გამარჯვებული გახდა. თარგამაძემ მეორე ბუნდესლიგაში 6 მატჩი ჩაატარა, შემდეგ სეზონში კი ბუნდესლიგის ორ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

2010 წლის ზაფხულში გერმანული კლუბი დატოვა და კარიერა ''ოლექსანდრიაში'' გააგრძელა. 2012-16 წლებში თარგამაძე დონეცკის ''შახტარის'' საკუთრება იყო, თუმცა მირჩა ლუჩესკუმ პირველ გუნდში თამაშის შანსი არ მისცა.

ტრავმის გამო თითქმის ორწლიანი პაუზის შემდეგ გასულ ზაფხულში თარგამაძე მოედანს დაუბრუნდა და ნახევარი სეზონი თბილისურ ''საბურთალოში'' გაატარა. ფეხბურთელი კლუბთან ერთად საქართველოს ჩემპიონი გახდა.

თარგამაძემ საქართველოს ეროვნულ ნაკრებში 20 მატჩი ჩაატარა და 2 გოლი შეაგდო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები