დიდიე დროგბა, გარი ლინეკერი და ჯეიმი ვარდი ჰაკიმ ალ-არაიბის მხარდაჭერას უცხადებენ
Aa
Aa

დიდიე დროგბა, გარი ლინეკერი და ჯეიმი ვარდი ჰაკიმ ალ-არაიბის მხარდაჭერას უცხადებენ

ბოლო პერიოდში ბაჰრეინელი მცველის, ჰაკიმ ალ-არაიბის სახელი საკმაოდ აქტუალურია. ეს უკანასკნელი რამდენიმე დღის წინ, ტაილანდში, დააკავეს და მის გათავისუფლებას საფეხბურთო სამყაროს დიდი ნაწილი ითხოვს.

როგორც ირკვევა ბაჰრეინელი სამართალდამცავები ალ-არაიბის 2012 წლის „არაბული გაზაფხულის“ მიმდინარეობისას მთავრობის წინააღმდეგ განხორციელებულ ვანდალურ ქმედებებში ადანაშაულებენ. მას დაუსწრებლად 10 წლიანი პატიმრობა შეუფარდეს. ჰაკიმმა ქვეყნის დატოვება მოასწრო და ავსტრალიაში გადაბარგდა.

ალ-არაიბი ტაილანდში თაფლობის თვის გასატარებლად გახლდათ ჩასული და ბაჰრეინის მთავრობის წარმომადგენლებმა ინტერპოლს ინფორმაცია სწორედ ამ დროს გადასცეს. ტაილანდურმა პოლიციამ ჰაკიმი მალევე დააპატიმრა და მის ექსტრადირებას გეგმავს.

25 წლის ფეხბურთელმა საერთაშორისო საზოგადოებას დახმარება რამდენჯერმე სთხოვა და შიშობს ბაჰრეინში დაბრუნების შემთხვევაში წამება ელის.

სოციალური ქსელების მეშვეობით ალ-არაიბს მხარი უამრავმა ცნობილმა ადამიანმა დაუჭირა, მათ შორის დიდიე დროგბა, გარი ლინეკერი, ჯორჯო კიელინი და ჯეიმი ვარდიც არიან. ჰაკიმის გარშემო არსებულ პრობლემებს FIFA-ც გამოეხმაურა და მისი დაუყონებლივ გათავისუფლება მოითხოვა. ავსტრალიის ნაკრების ყოფილი კაპიტნის კრეგ ფოსტერის თქმით ალ-არაიბი თანაგრძნობას აფასებს და ძალიან ბედნიერია.

ბაჰრეინელი ფეხბურთელი ავსტრალიაში ლტოლვილის სტატუსით ცხოვრობს და ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციების თქმით გამომდინარე აქედან უკანონოდ გახლავთ დაკავებული.

ასევე იხილეთ - კარიერაში მესამედ - ლიპარტელიანი პარიზის გრანდ სლემის გამარჯვებულია

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები