Aa
Aa

სალვატორე სირიგუ - პენალტების მოგერიების სპეციალისტი!

ტურინული "ტორინოს" მეკარე, სალვატორე სირიგუ პენალტების მოგერიების ნამდვილად ოსტატად ჩამოყალიბდა. სერია A-ს 23-ე ტურში, "ტორინო" საკუთარ არენაზე "უდინეზეს" ხვდებოდა, სირიგუმ კი სტუმართა ლიდერ როდრიგო დე პაულს თერთმეტმეტრიანი აუღო, რითაც "გრანატას" 3 ქულის აღებაში დაეხმარა.

მატჩის 74-ე წუთზე, "ტოროს" კარის მიმართულებით პენალტი დაინიშნა, ამ დროს ანგარიში 1:0 იყო, ბურთთან დე პაული მივიდა, რომელსაც სირიგუ ჩანაფიქრს მიუხვდა და გუნდი გოლისგან გადაარჩინა.

 

ტურინელთა 32 წლის გოლკიპერმა ბოლო 7 პენალტიდან 5 მოიგერია. მან ამ სერიისას "ბოლონიას" - ერიკ პულგარს, "ფიორენტინას" - ჟორდან ვერეტუს, "ლაციოს" - ლუის ალბერტოს, "სამპდორიას" - ფაბიო კუალიარელასა და უკვე ხსენებულ დე პაულს აუღო. გამონაკლისი "ფიორენტინას" შემტევი, სირილ ტერო და "რომას" განაპირა მცველი, ალექსანდრ კოლაროვი აღმოჩნდნენ, რომელთაც სირიგუს 11 მეტრიდან აჯობეს.

სალვატორე სირიგუს პროფესიონალურ კარიერაში 11 პენალტი აქვს მოგერიებული. პირველად მან ეს 2011 წელს, "პალერმოს" რიგებში გააკეთა, როცა "ფიორენტინას" შემტევ ადემ ლიაიჩს არ გაატანინა.

იტალიის ნაკრების ყოფილმა მეკარემ ფრანგული "პარი სენ ჟერმენის" შემადგენლობაში 5 სეზონი ითამაშა, თუმცა კლუბმა იგი კევინ ტრაპით ჩაანაცვლა, რის შემდეგაც აპენინელმა ჯერ "სევილიას", შემდეგ "ოსასუნას", 2017 წლის ივნისში კი "ტორინოს" მიაშურა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები