მშვიდობით ემილიანო...
Aa
Aa

მშვიდობით ემილიანო...

„ნანტს“ ემილიანო სალას მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულება ჰქონდა. თანაგუნდელები არგენტინელს ღირსეულ პიროვნებად მიიჩნევდნენ და კლუბის მესვეურები მისი წარმატებული გამოსვლით აღფრთოვანებულები იყვნენ.  ტრანსფერის გაოფიციალურების შემდეგ "ნანტმა" "გასაცილებელი" ვიდეოკოლაჟი მოამზადა, სადაც ემილიანოს გოლები და საუკეთესო მომენტები იყო შეტანილი.

სალას ხშირად აქებდნენ. რატომ?! 16 მატჩი გატანილი 12 გოლი! ემილიანო ვარჯიშებზე რეგულარულად ბოლომდე იხარჯებოდა და გასახდელში პრობლემებს არასდროს ქმნიდა! პირიქით! მას მუდამ პოზიტიური განწყობა შეჰქონდა. ემილიანო გიტარაზე დაკვრას აღმერთებდა და ბევრს კითხულობდა. განსაკუთრებით დეტექტიური ჟანრი აინტერესებდა.

სალა არგენტინაში დაიბადა. ბავშვობაში წარმატებულ ფეხბურთელად ქცევაზე ოცნებობდა და ბატისტუტას გოლების ვიდეოჩანაწერებს უყურებდა. ემილიანო ცდილობდა "ბატიგოლის" მოძრაობები შეესწავლა და თამაშის ხარისხი გაეუმჯობესებინა. 

14 წლის ასაკში მან სამშობლო დატოვა და „ბორდოს“ აკადემიაში გადაბარგდა. ემილიანო ფრანგულ კულტურას უპრობლემოდ შეეგუა, თუმცა წარსულს არასდროს ივიწყებდა და დასვენების დღეებს ესპანეთში, მეგობრებთან ერთად, ატარებდა.

სალა ჩინური ფილოსოფიის დიდი მოყვარული გახლდათ. მისი საყვარელი წიგნი კი „მოტოციკლისტის დღიურები“ იყო. ეს უკანასკნელი ჩე გევარას ცხოვრებას ეხება. ზუსტად ამ წიგნის გამო ემილიანო სპორტიდან წასვლის შემდეგ აფრიკაში საქველმოქმედო ორგანიზაციის დაარსებას აპირებდა, თუმცა...

სალამ SoFoot-თან საუბრისას განაცხადა: „მამაჩემი სატვირთოს ატარებდა და ჩვენს ოჯახს დიდი შემოსავალი ნამდვილად არ ჰქონდა. დღესდღეობით ბავშვობაზე ფიქრი მოტივაციას მმატებს და მეხმარება ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე საკუთარ თავზე უფრო მეტად ვიმუშავო“.

„დედაჩემს ჩემი საფრანგეთში გაშვება არ უნდოდა. ქალაქში მცხოვრები ადამიანების დიდი ნაწილიც იგივე აზრზე იყო და თვლიდნენ, რომ ამ ასაკში საცხოვრებელი არ უნდა შემეცვალა"...

"წამოსვლის შემდეგ ჩემი ოჯახის წევრებს ყოველდღე ვესაუბრები და ოცნებებზე, პრობლემებზე და იმედებზე ვლაპარაკობდით“.

ემილიანომ შობა ოჯახთან ერთად გაატარა. დედამისი ბოლოს მას ფრენის წინ გაესაუბრა: „ძალიან ბედნიერი იყო. ეს მის კარიერაში საუკეთესო მომენტი გახლდათ და ძალიან უხაროდა“. სალას მამამ, ჰორაციომ, შვილს კვირას დაურეკა და „კარდიფში“ გადასვლა მიულოცა...

დღესდღეობით არგენტინელი ჟურნალისტები ცდილობენ სალას შესახებ ამომწურავი ინფორმაცია მოიპოვონ. სამწუხაროა, რომ 28 წლის თავდამსხმელი საფეხბურთო სამყარომ მისი გარდაცვალების შემდეგ გაიცნო...

„კარდიფში“ მას ოცნებების ასრულება სურდა, მაგრამ...

მშვიდობით ემილიანო!

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები