ივანიშვილმა პოლონულ კლუბთან კონტრაქტი გააფორმა
Aa
Aa

ივანიშვილმა პოლონულ კლუბთან კონტრაქტი გააფორმა

პოლონური საფეხბურთო კლუბის, სოსნოვეცის ''ზაგლემბეს'' შემადგენლობაში 29 წლის ქართველი ფეხბურთელი გიორგი ივანიშვილი ჩაირიცხა. ფეხბურთელმა კლუბთან ექვსთვიანი კონტრაქტი გააფორმა, თუმცა სეზონის შემდეგ შესაძლოა ხელშეკრულება ერთი წლით გახანგრძლივდეს. ინფორმაციას კლუბის ოფიციალური ვებგვერდი ადასტურებს.

''ზაგლემბე'' პოლონეთის 16-გუნდიან ჩემპიონატში 12 ქულით ბოლო ადგილზეა და უშუალო კონკურენტ ზაბჟეს ''გურნიკს'' 5 ქულით ჩამორჩება. ივანიშვილთან ერთად ''ზაგლემბეს'' მაისურით გიორგი გაბედავა იასპარეზებს.  მათ გარდა ქართველ ფეხბურთელთაგან პოლონეთის ექსტრაკლასაში ლუკა ზარანდია, გიორგი მერებაშვილი და ვატო არველაძე ასპარეზობენ. მიმდინარე თვეში შვეიცარიულმა ''ლუცერნმა'' ვაკო გვილია ზაბჟეს ''გურნიკში'' გაანათხოვრა.

გიორგი ივანიშვილი ''ციურიხის,'' ''შაფჰაუზენის,'' ''ვოლენის,'' ''ბელინცონას,'' ''ცხინვალისა'' და საჩხერის ''ჩიხურას'' ყოფილი ფეხბურთელია. ივანიშვილი პოლონურ კლუბში გადასვლამდე თბილისის ''დინამოს'' ღირსებას იცავდა.

ფოტო: zaglebie.eu

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები