ჟოზე მოურინიო ჩვეულ სტიქიაშია
beIN Sports-ში საფეხბურთო ექსპერტის სტატუსის მიღების შემდეგ მოურინიომ საკმაოდ ბევრი საინტერესო საკითხის შესახებ ისაუბრა. უკანასკნელ ინტერვიუში პორტუგალიელი სპეციალისტი მისი ყოფილი გუნდების სათამაშო სტილს და საკუთარ საფეხბურთო ფილოსოფიას შეეხო.
ჟურნალისტი: "კლუბში ახლად მისულმა მწვრთნელმა უნდა მოითხოვოს თუ არა საკუთარი საფეხბურთო ფილოსოფიის გატარება, რომელიც გუნდის ისტორიისგან განსხვავდება?
მოურინიო: "გააჩნია“!
ჟურნალისტი: "ამ კითხვას იმიტომ გისვამ, რომ გარი ნევილის თქმით „მანჩესტერ იუნაიტედში“ არასდროს უნდა დაინიშნოს მწვრთნელი, ვისი საფეხბურთო ფილოსოფია, იმ სათამაშო სტილისგან, რომლის თანხლებით „იუნაიტედის“ ქომაგები გაიზარდნენ, რადიკალურად განსხვავდება".
მოურინიო: "ნევილი ჩემს საფეხბურთო ფილოსოფიას არ იცნობს“.
ჟურნალისტი: "როგორია შენი საფეხბურთო ფილოსოფია“?
მოურინიო: "გააჩნია საუბარი რაზეა. სიამოვნებით წავიდოდი კლუბში, სადაც შემეძლებოდა გამეკეთებინა ის, რასაც გუარდიოლა და კლოპი აკეთებენ. შეხედეთ „ლივერპულს“. რამდენი ფეხბურთელია ისეთი, რომელიც იურგენ კლოპის მოსვლისას გუნდში იყო? 2...? 3...?
ჟურნალისტი: "არც თუ ისე ბევრი“.
მოურინიო: "გუარდიოლა 4 ცენტრალური მცველით უკმაყოფილო იყო და იმავე ზაფხულში 4 უკანახაზელი იყიდა, რომელთა მიმართ სიმპათიები ჰქონდა! ამას კლაუდიო ბრავოს ტრანსფერი დაემატა. და როცა ამ უკანასკნელმა პეპის იმედები ვერ გაამართლა, ედერსონი შეიძინა.
"კლოპს საწყისი სამი წლის განმავლობაში არაფერი მოუგია, მაგრამ მაინც ენდობიან და შესაფერის პირობებს უქმნიან. ამჟამად მათ ჩემპიონობის მოპოვების კარგი შანსი აქვთ, თუმცა ეს პირველი შემთხვევა იქნება, როცა კლოპის გუნდი თასს დაისაკუთრებს".
"ზუსტად ამიტომ ვამბობ, რომ შემოთავაზებებს მანამდე არ განვიხილავ, სანამ არ გავიგებ კლუბს რა სურს და მიზნის მისაღწევად რამხელა რესურსის გაღებას გეგმავს".
ჟურნალისტი: "არ მინდა ამ კითხვას პასუხი შენს მაგივრად გავცე, მაგრამ ჩემი აზრით შენი საფეხბურთო ფილოსოფია თითოეული მოთამაშისგან მაქსიმუმის მიღებაა. აზრი არ აქვს მიზანს როგორ მიაღწევ, მთავარი გამარჯვების მოპოვებაა“.
მოურინიო: "სისულელეა. ახლა ის მომენტია, როცა ათასჯერ ნათქვამი ტყუილი სიმართლე გგონია. ბუნებრივია ეს ყველაფერი რეალობას არ შეესაბამება. შეგიძლიათ თქვათ, რომ 2004 წლის „ჩელსი“ ფენომენალური კლუბი არ ყოფილა? „ჩელსი“, რომელიც სანახაობრივ და შემტევ ფეხბურთს თამაშობდა. კონტრშეტევებზე შესანიშნავად გამოიყურებოდა და დაცვაში ბრწყინვალედ ასპარეზობდა".
"შეგიძლიათ თქვათ, რომ ეს გუნდი ფენომენალური კოლექტივი არ ყოფილა?! რა თქმა უნდა არა! როცა „ინტერისა“ და „ბარსას“ შეხვედრას იხსენებენ ამბობენ, ორი ავტობუსი გვეყენა, მაგრამ ერთი რამ ავიწყდებათ. ორი კვირით ადრე „ინტერმა“ „ბარსელონა“ 3-1 დაამარცხა".
"ჩვენ ყველაფერი თავად შევქმენით, უპირატესობა მოვიპოვეთ და „კამპ ნოუზე“ მსოფლიოს საუკეთესო გუნდის წინააღმდეგ ჰანდიკაპის შესანარჩუნებლად კაცნაკლული ვიბრძოდით. რატომ განვითარდა ყველაფერი ასე? იმიტომ, რომ ორი კვირით ადრე 3-1 მოვიგეთ. ხომ ხვდებით რაშიცაა საქმე"!
"„ჩელსიში“ მეორედ რომ მოვედი პრემიერ ლიგა დავისაკუთრეთ. ჩვენ ჩემპიონები გავხდით, მაგრამ ინგლისში საუკეთესო გუნდი ნამდვილად არ ვყოფილვართ. ასეთი შედეგის დაფიქსირება მაშინაა შესაძლებელი, როდესაც საფეხბურთო ფილოსოფიაზე წინ სტრატეგიულ გათვლებს აყენებ".
"როცა ანტონიო კონტეს კოლექტივმა პრემიერ ლიგის თასი დაისაკუთრა, „ჩელსი“ კონტრშეტევებზე ორიენტირებული გუნდი გახლდათ. „ჩელსი“ დაცვაში შესანიშნავად ასპარეზობდა და კონტრშეტევებზე ბრწყინვალედ გამოიყურებდა. რატომ? პასუხი მარტივია. ლონდონელები ყველაფერს სტრატეგიული გადმოსახედიდან უდგებოდნენ.. კონტეს მაგივრად მე რომ ვყოფილიყავი წარმომიდგენია ამ ყველაფერს რამხელა რეზონანსი მოჰყვებოდა, მაგრამ რადგან არ ვყოფილვარ ყურადღება არავის გაუმახვილებია“.