რეხვიაშვილი საბერძნეთის სუპერლიგაში ითამაშებს
''საბურთალოს'' ყოფილი ფეხბურთელი გიორგი რეხვიაშვილი კარიერას ბერძნულ ''ლევადიაკოსში'' გააგრძელებს. ბერძნული კლუბის ოფიციალური ვებგვერდის ცნობით ქართველმა ცენტრალურმა მცველმა ''ლევადიაკოსთან'' 1,5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.
რეხვიაშვილის ახალი გუნდი საბერძნეთის სუპერლიგაში ადგილის შენარჩუნებისთვის იბრძვის. 14 ტურის შემდეგ 16-გუნდიან ჩემპიონატში ''ლევადიაკოსი'' 8 ქულით მე-15 ადგილზეა. გუნდის მთავარი მწვრთნელი იტალიელი ჯუზეპე სანინოა.
მე-15 ტურში ''ლევადიაკოსი'' პირეოსის ''ოლიმპიაკოსს'' უმასპინძლებს. შესაძლოა აღნიშნულ შეხვედრაში რეხვიაშვილის დებიუტი შედგეს.
30 წლის გამოცდილ მოთამაშეს უცხოეთში ასპარეზობის გამოცდილება აქვს, თუმცა 2014 წელს თურქულ ''ბოლუსფორში'' გატარებული დრო საკმაოდ უიღბლო გამოდგა, რადგან მძიმე ტრავმის გამო თურქეთის რანგით მეორე ლიგაში მხოლოდ 6 მატჩი ჩაატარა.

რეხვიაშვილს რუსთავის ''მეტალურგში,'' თბილისის ''დინამოში,'' საჩხერის ''ჩიხურასა'' და თბილისის ''ლოკომოტივში'' უთამაშია, 2018 წლის სეზონი კი ''საბურთალოში'' გაატარა და მესამედ გახდა საქართველოს ჩემპიონი. აღნიშნული ტიტული რეხვიაშვილმა რუსთავის ''მეტალურგთან'' და თბილისის ''დინამოსთან'' ერთადაც მოიპოვა.
თემურ ქეცბაიას მთავარი მწვრთნელობისას რეხვიაშვილი საქართველოს ეროვნული ნაკრების განაცხადში რამდენჯერმე მოხვდა, თუმცა ერთადერთი შეხვედრა ვლადიმირ ვაისის მწვრთნელობისას უზბეკეთის წინააღმდეგ ჩაატარა.

2016 წელს ''ლევადიაკოსის'' ღირსებას გიორგი მერებაშვილი იცავდა. აღნიშნულ კლუბში ქართველმა შემტევმა ნახევარი სეზონი ითამაშა და 14 მატჩი ჩაატარა.
ფოტო: gff.ge, levadiakosfc.gr, bolusporluyuz.com