Aa
Aa

"ბარსამ" რაბიოსთან კონტრაქტი შეათანხმა - ერთი ნაბიჯით ახლოს დე იონგთან და დე ლიხტთან

ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის მოახლოებასთან ერთად მძაფრდება საუბრები შესაძლო გარიგებებზე. ჯერჯერობით ყველაზე აქტიური "ბარსა" გახლავთ.

კატალონიელები რამდენიმე მოთამაშის დამატებასთან ერთად მალკომის გაყიდვასაც გეგმავენ. როგორც ბრიტანული  Sun-ი წერს, კლუბი მზად არის 21 წლის ბრაზილიელს 58 მილიონ ფუნტად შეელიოს, თუმცა ახლა პოტენციურ შენაძენებზე ვისაუბროთ.

მიმდინარე კვირაში "ბარსელონამ" "აიაქსის" ორი ბრილიანტის ფრენკი დე იონგისა და მატიის დე ლიხტის მიმართ ინტერესი გაამძაფრა და ტრასნფერებზე მუშაობა გააძლიერა.

კატალონიელთა წარმომადგენლები ამსტერდამელებს შვეიცარიაში ჩემპიონთა ლიგის კენჭისყრისას შეხვდნენ და რა თქმა უნდა მათი სასაუბრო თემა ზემოხსენებული ორი მოთამაშის ტრანსფერი იყო.

კლუბების წარმომადგენელთა შეხვედრის შემდეგ, "აიაქსის" სპორტულმა დირექტორმა და "ბარსას" ყოფილმა ფეხბურთელმა მარკ ოვერმარსმა ასეთი კომენტარი გააკეთა.

"დე ლიხტისა და დე იონგის ტრანსფერთან დაკავშირებით მოლაპარაკებები მიმდინარეობს. ჩემი ფავორიტი ბარსელონა გახლავთ. ეს დიდებული გუნდია, თუმცა არის კიდევ ორი კლუბი, რომლებიც კატალონიელებს კონკურენციას უწევენ.

მესის შეუძლია, რომ დე ლიხტსა და დე იონგს ბევრი რამ ასწავლოს და მათ დაეხმაროს. ამ ბიჭებისთვის ფული მთავარი არ არის. ამსტერდამის დატოვება შარშანაც შეეძლოთ, მაგრამ დარჩენა ამჯობინეს.

მათ ჩემგან ბარსელონას ქება არ სჭირდებათ, რადგან ისედაც ყველაფერი კარგად იციან", განაცხადა ოვერმარსმა Tribuna-სთან საუბრისას.

ამ კომენტარის შემდეგ უკვე ნათელია, რომ დე ლიხტისა და დე იონგის შეძენის მთავარი ფავორიტი "ბარსა" ხდება.

სავარაუდოდ მოლაპარაკებები იანვარში გაგრძელდება, თუმცა აქ არის შემაფერხებელი ფაქტორი - "აიაქსი" კონკრეტულად დე იონგის სანაცვლოდ 75 მილიონ ევროს ითხოვს, რაზეც კატალონიელები უარს აცხადებენ.

თუ, კლუბებმა ხსენებული პრობლემა ვერ დაძლიეს, შეგვიძლია ვთქვათ, რომ 21 წლის შუახაზელი "პსჟ"-სა და "სიტის" ხელში იქნება.

"ბარსელონასთვის" და არანაკლებ ერნესტო ვალვერდესთვის ნახევარდაცვის ხაზი, რომ ფუნდამენტური მნიშვნელობის არის ეს ყველას კარგად მოეხსენება. კლუბი მხოლოდ კონკრეტული მოთამაშით არ ინტერესდება და განსახილველად ერთდროულად რამდენიმე ვარიანტი აქვს. ამჯერად საუბარია ადრიენ რაბიოზე.

ფრანგი ნახევარმცველი როგორც ჩანს "პსჟ"-ს ნამდვილად დატოვებს. პარიზელთა სპორტულმა დირექტორმა ანტერო ენრიკემ განაცხადა, რომ რაბიომ კლუბს კონტრაქტის გახანგრძლივებაზე საბოლოო უარი უთხრა.

რაბიოს კონტრაქტს ვადა 2019 წლის ივნისში გასდის და ის თავისუფალი აგენტი ხდება, რის შემდეგაც "ბარსა" მას ხელში უპრობლემოდ ჩაიგდებს, რაც "პსჟ"-ს არ აწყობს.

არსებობს იმის დიდი შანსი, რომ ესპანელებმა და ფრანგებმა შეთანხმებას იანვარში მიაღწიონ და რაბიომ ჩემპიონთა ლიგაზე "პსჟ"-სა და "მანჩესტერის" ჯახის ნაცვლად, "ბარსას" მაისურით "ლიონის" წინააღმდეგ ითამაშოს.

ასეთ სიტუაციაში რაბიოს პარიზში დარჩენა სეზონის ბოლომდე მის სკამზე ჯდომას ნიშნავს, რაც ფეხბურთელის ინტერესებში არ შედის, ისევე როგორც მისი უფასოდ გაშვება არ შედის კლუბის ინტერესებში. ეს ყველაფერი ტრანსფერის იანვარში განხორციელების ალბათობას საგრძნობლად ზრდის.

Yahoo Sports France-სთან საუბრისას ანტერო ენრიკემ შემდეგი განაცხადა: "აქ განსახილველი აღარაფერია. ეს იყო გადაწყვეტილება, რომელიც კლუბმა ფეხბურთელთან შეხვედრის შემდეგ მიიღო. რაბიომ მითხრა, რომ ახალი კონტრაქტის გაფორმება არ სურს და ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგ ის გუნდს თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს.

მისთვის ამ ყველაფერს ძალიან მკაფიო შედეგები ექნება - დარჩენილი სეზონის განმავლობაში ის სათადარიგოთა სკამზე იჯდება".

ამ მომენტისთვის არსებობს მხოლოდ ორი ვარიანტი: 1) სეზონი სრულდება და თადარიგში მყოფი რაბიო, თავისუფალი აგენტის სტატუსით "ბარსელონაში" გადადის. 2) იანვარში კლუბები რამე კონკრეტულზე შეთანხმდებიან და რაბიო 2018-2019 წლების სეზონს. "კამპ ნოუზე" დაასრულებს.

P.S. Le Parisien-ის ინფორმაციით, რაბიომ და "ბარსამ" შეთანხმებას უკვე მიაღწიეს და ფეხბურთელს ტრანსფერის განხორციელება იანვარშივე სურს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები