საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებმა კენჭისყრა შეაფასეს
ირლანდიის დედაქალაქ დუბლინში ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის კენჭისყრა გაიმართა. უეფას წევრი 55 ქვეყნის ნაკრები 10 ჯგუფში გადანაწილდა.
საქართველოს ნაკრები მე-4 კალათაში იყო განთესილი და შესარჩევი ეტაპის Dჯგუფში მოხვდა, მეტოქეებად კი შვეიცარია, დანია, ირლანდია და გიბრალტარი ერგო. საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელები crystalsport-ს ესაუბრნენ. მათ კენჭისყრა შეაფასეს.

ლაშა დვალი: ''რთული ჯგუფია, თუმცა შეუძლებელი არაფერია. უნდა ვირწმუნოთ, რომ ჯგუფიდან გასვლა შეგვიძლია. მჯერა, რომ მიზანს მივაღწევთ. ცხადია წარმატებისთვის ქომაგთა მხარდჭერა აუცილებელია.
ჩემი აზრით უმჯობესი იქნებოდა, რომ ჩვენს ჯგუფში ერთი გრანდი გვეხილა, დანარჩენი გუნდები კი შედარებით სუსტები ყოფილიყვნენ, თუმცა გასვლისთვის ბრძოლა ამ ჯგუფშიც შესაძლებელია.''

ბაჩო არაბული:''შესაძლებელი იყო უფრო ძლიერ ან შედარებით უფრო სუსტ ჯგუფში მოხვედრა.საბოლოო ჯამში კენჭისყრას ნორმალურად შევაფასებდი. ხუთგუნდიან ჯგუფში ვართ და ჯგუფიდან 2 საუკეთესო გადის. ჯგუფიდან გასვლის შანსი ნამდვილად არის.
ვეცდებით ჩვენი შესაძლებლობების მაქსიმუმი ვაჩვენოთ. ყველაფერი შესაძლებელია.''

გიორგი ქვილითაია: ''მიუხედავად იმისა, რომ მეტოქედ გრანდი არ გვერგო, რთული ჯგუფია. შვეიცარია, დანია და ირლანდია რეიტინგში ჩვენზე წინ დგანან და აქედან გამომდინარე ფავორიტებიც ისინი არიან, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ბრძოლის გარეშე რაიმეს დავთმობთ.
თითოეული ქულისთვის ვიბრძოლებთ და მაქსიმუმის გაკეთებას ვეცდებით. ყველამ კარგად ნახა, რომ საქართველოს ნაკრებმა მოუმატა და ვფიქრობ ამ ჯგუფიდან ევრო 2020-ზე გასვლა შეგვიძლია!''

გიორგი აბურჯანია: ''ჩემი აზრით შეიძლებოდა შედარებით სუსტ ჯგუფში მოხვედრა, თუმცა წარმატებისთვის ბრძოლა ამ ჯგუფშიც შესაძლებელია. შვეიცარია საკმაოდ ძლიერი გუნდია, რაც ერთა ლიგის შეხვედრებში დამტკიცდა.
ასევე ძლიერი გუნდებია დანია და ირლანდია, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო პერიოდში საქართველოს ნაკრების პროგრესი თვალშისაცემია და ჯგუფიდან გასვლისთვის ბრძოლა შეგვიძლია.''
ფოტო: pogonszczecin.pl, gff.ge