ედენ აზარი მაურიციო სარის გუნდში თამაშით ბედნიერია
Aa
Aa

ედენ აზარი მაურიციო სარის გუნდში თამაშით ბედნიერია

პრემიერ ლიგის მორიგ ტურში „ლონდონის ჩელსიმ“ საკუთარ მოედანზე „ევერტონის“ წინააღმდეგობის დაძლევა ვერ მოახერხა. „არისტოკრატები“ უპირატესობას მთელი მატჩის განმავლობაში ფლობდნენ, თუმცა „კანფეტების“ კარის აღება ვერ შეძლეს და უგოლო ფრეს დასჯერდნენ.

შეხვედრის შემდეგ „ლურჯების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ედენ აზარმა, საკუთარი ფიზიკური კონდიციების შესახებ ისაუბრა და განაცხადა: „დამერწმუნეთ, ძალიან გადაღლილი ვარ, თუმცა მშვენიერ ფორმაში ვიმყოფები და მოედანზე გასვლა ნებისმიერ მომენტში შემიძლია. შარშან კოჭის ტრავმის გამო სამი თვე გამოვტოვე და ახლა თავს კარგად სწორედ ამიტომ ვგრძნობ“.

აზარის გადაღლილობა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლას უკავშირდება. მიუხედავად ამისა წლევანდელ სეზონში ედენი მშვენივრად ასპარეზობს და გაცემულ ავანსებს ამართლებს. მაურიციო სარის გუნდის მაისურით ბელგიელმა 8 გოლი გაიტანა და ბრიტანელი ექსპერტების ქება არაერთხელ დაიმსახურა.

ედენი Talksport-ისთვის მიცემულ ინტერვიუში „ლონდონის ჩელსისაც“ შეეხო და აღნიშნა: "7 წელია "არისტოკრატების" ღირსებას ვიცავ და თითოეული მატჩისგან უდიდეს სიამოვნებას ვიღებ. როდესაც მინდორზე გავდივარ პირველ რიგში მინდა ბედნიერება საკუთარ თავს, ხოლო შემდეგ სტადიონზე შეკრებილ გულშემატკივარს მივანიჭო".

"ამჟამად გუნდი მშვენივრად ასპარეზობს და "ჩელსიში" თამაშით ძალიან ბედნიერი ვარ".

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები