ნავალოვსკის საგოლე გადაცემა უხვგოლიან დერბიში
საქართველოს ეროვნული ნაკრების მარცხენა მცველმა გიორგი ნავალოვსკიმ ბელარუსის ჩემპიონატში საგოლე გადაცემა შეასრულა. მინსკური დერბი ''მინსკსა'' და ''დინამოს'' შორის ფრედ 3:3 დასრულდა. 32 წლის ნავალოვსკიმ, რომელიც ''დინამოში'' 88-ნომრიანი მაისურით ასპარეზობს, მოედანზე 90 წუთი გაატარა.
მე-5 წუთზე ნავალოვსკის ფლანგური ჩაწოდების შემდეგ ნიგერიელმა კეჰინდე ფატაიმ ანგარიში თავური დარტყმით გახსნა. საბოლოოდ მატჩი უხვგოლიანი გამოვიდა და ქომაგმა 6 გოლი იხილა.

ნავალოვსკი ბელარუსულ კლუბს მიმდინარე სეზონში თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა. გამოცდილმა ფეხბურთელმა მინსკის ''დინამოს'' მაისურით მე-10 მატჩი ჩაატარა (7 - ბელარუსის ჩემპიონატი, 2 - ბელარუსის თასი, 1 -ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპი).
16-გუნდიან ჩემპიონატში მინსკის ''დინამო'' 49 ქულით მე-4 ადგილზეა, საუკეთესო სამეულს მხოლოდ 1 ქულით ჩამორჩება.

რუსეთის პრემიერლიგაში ''უფასა'' და ყაზანის ''რუბინის'' შეხვედრა ფრედ 0:0 დასრულდა. ''უფას'' მაისურით ცენტრალურმა მცველმა ჯიმი ტაბიძემ, რომელიც შეტევებში ხშირად ერთვებოდა, 90 წუთი ითამაშა. ტაბიძეს გოლის გატანის შანსიც ჰქონდა, თუმცა მისი ძლიერი დარტყმა ''რუბინის'' მეკარემ მოიგერია.

16-გუნდიან ჩემპიონატში ''უფა'' 10 ქულით მე-14 ადგილზეა.

ფოტო: rubin-kazan.ru, dinamo-minsk.by