''ნახევარფინალზე ფიქრი ნაადრევია, ექსპერიმენტების დრო არაა''
საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის მეოთხე ტურში სტუმრად ლატვიის ნაკრებს შეხვდება. სამი ტურის შემდეგ ვლადიმირ ვაისის გუნდი 9 ქულით ჯგუფის ერთპიროვნული ლიდერია და კონკურენტებს 7 ქულით უსწრებს. რიგაში გამარჯვებით სლოვაკის გუნდი პირველ ადგილს გაინაღდებს.
ვლადიმირ ვაისმა ''დაუგავაზე'' მატჩისწინა პრესკონფერენცია გამართა.
''ლატვია მეტ ქულას იმსახურებს. მათი სათამაშო ხარისხი გაცილებით მაღალია ვიდრე ცხრილში დაფიქსირებული 2 ქულა. მეტოქეს ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს, რომელიც უპირატესობას 4-4-2 სათამაშო სქემას ანიჭებს.
ლატვიის ნაკრები სტანდარტულ ვითარებებს კარგად იყენებს. ამ მხრივ მეტოქე ძლიერია.
ჩვენს ჯგუფში ძლიერი გუნდები ასპარეზობენ. მოხარული ვარ, რომ ჩვენს კარში გოლი არ გასულა. საქართველოს ნაკრები უფრო ძლიერი გახდა და ფეხბურთელებს უკეთ ესმით, რასაც მათგან ვითხოვთ.
ორივე გუნდი გამარჯვებისთვის იბრძოლებს. ვფიქრობ გულშემატკივრები ლამაზ ფეხბურთს იხილავენ.
ჩვენს კონკურენტებს პირველი ადგილისთვის ბრძოლის მათემატიკური შანსი აქვთ. ჩვენ ვიზრუნებთ თამაშის ხარისხზე და ვეცდებით სასურველი შედეგით დავასრულოთ მატჩი.
ლატვიასთან ოფიციალურ მატჩს არ აღვიქვამთ, როგორც ამხანაგურ შეხვედრას. შესაბამისად, ექსპერიმენტებს არ ვგეგმავთ.
ამ ეტაპზე ნახევარფინალზე ფიქრი ნაადრევია, რადგან მიზნისთვის არ მიგვიღწევია. ყველაფერი ჩვენს ხელშია, რიგაში გასამართი მატჩი ძალიან მნიშვნელოვანია.
ანდორასთან გამარჯვების შემდეგ ემცოციურ ფონეზე ვთქვი, რომ ეროვნულ ნაკრებში კიდევ ერთ ფორვარდს გამოვიძახებდი, თუმცა ცივ გონებაზე თავდამსხმელის მიწვევა სწორ გადაწყვეტილებად არ მივიჩნიე.''
ვლადიმირ ვაისმა ჯანო ანანიძისა და ლუკა ზარანდიას შესახებაც ისაუბრა. სლოვაკი სპეციალისტის თქმით ჯანო ანანიძე 90 წუთის განმავლობაში თამაშისთვის მზად არაა.
რაც შეეხება ზარანდიას, რომელიც ეროვნულ ნაკრების შეკრებაზე პირველად იმყოფება, სავარაუდოდ სლოვაკი ''არკას'' შემტევს თამაშის შანსს რიგაში არ მისცემს, ზარანდიას დებიუტი გადაიდება.
ერთ-ერთი კითხვა ლატვიური ''რიგასის'' ქართველ შემტევს ბექა ვაჩიბერაძეს ეხებოდა, რომლის შესახებაც ვაისმა თქვა: ''ვაჩიბერაძემ ქართული პასპორტი მიიღო, თუმცა ფიფას რეგლამენტის მიხედვით ამ ეტაპზე საქართველოს ნაკრებში თამაშის უფლება არ აქვს.''
საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გიორგი არაბიძის შესახებ ლატვიაშიც ისაუბრა: ''ის უნიჭიერესი ფეხბურთელია. ყველაფერი მასზეა დამოკიდებული.''

გურამ კაშია: ''პირველ მატჩში ლატვიის ნაკრების ფეხბურთელებმა მცირე შეცდომები დაუშვეს. ძალიან საშიშია იმ გუნდის წინააღმდეგ თამაში, რომელიც კარის უსაფრთხოებაზეა ორიენტირებული. იმედი მაქვს ხვალ ლამაზ ფეხბურთს ვიხილავთ, რაც ქომაგს სიამოვნებას მიანიჭებს.
ჩვენ არ ვფიქრობთ ნახევარფინალზე. ჩვენი მიზანი ჯგუფში პირველი ადგილის დაკავებაა. საბოლოო მიზნისთვის ჯერ არ მიგვიღწევია. მოტივირებულები ვართ, რომ მაქსიმალურად მეტი ქულა მოვიპოვოთ, რაც შემდეგი ეტაპისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება.''
3 ტურის შემდეგ ლატვიის ნაკრებმა მხოლოდ 2 ქულა მოიპოვა. მიქსუ პაატელაინენის ფეხბურთელებმა ანდორასთან და ყაზახეთთან ფრედ ითამაშეს, საქართველოდან კი უქულოდ წავიდნენ.
ერთა ლიგის მე-4 ტურის შეხვედრა ლატვიასა და საქართველოს შორის 16 ოქტომბერს, თბილისის დროით 22 საათსა და 45 წუთზე დაიწყება.
მომზადებულია ლატვიური სპორტული ვებგვერდის, skaties.lv-ისა და sportazinas.com-ის მიხედვით
ფოტო: Reuters/Scanpix