ანრი ''მონაკოში'' ბრუნდება - ლეგენდარული ფორვარდი მთავარი მწვრთნელის ამპლუაში
საფეხბურთო კლუბ ''მონაკოში'' ლეგენდარული ფრანგი ფორვარდი ტიერი ანრი ბრუნდება, რომელიც 2016 წლიდან ბელგიის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის, რობერტო მარტინესის ასისტენტია.
Skysports-ის ცნობით ''მონაკოს'' ხელმძღვანელებსა და ანრის შორის მოლაპარაკება წარმატებით მიმდინარეობს. დიდი ალბათობით მხარეები საბოლოო შეთანხმებას უახლოეს 48 საათში მიაღწევენ და 41 წლის ანრის მთავარი მწვრთნელის პოსტზე ვიხილავთ.
მიმდინარე კვირაში ანრისთან დაკავშირებით კიდევ ერთი ინფორმაცია გავრცელდა, რომლის მიხედვით მას ''ასტონ ვილას'' მთავარი მწვრთნელობის კანდიდატად თვლიდნენ, თუმცა სტივ ბრიუსი დინ სმიტმა შეცვალა.
ანრის პროფესიული საფეხბურთო კარიერა 1994 წელს სწორედ ''მონაკოში'' დაიწყო. ჟან ტიგანას მთავარი მწვრთნელობისას 1996-97 წლებში ანრი ''მონაკოსთან'' ერთად საფრანგეთის ჩემპიონი გახდა.

საფრანგეთის ლიგა 1-ის საწყის 9 ტურში ''მონაკომ'' მხოლოდ ერთი გამარჯვება მოიპოვა. 9 შეხვედრაში ლეონარდო ჟარდიმის ხელმძღვანელობით ''მონაკომ'' 6 ქულა მოაგროვა და მე-18 ადგილზეა. სანაკრებო პაუზამდე ''მონაკომ'' ბოლო მატჩი ''რენისთან'' გამართა და ბენ არფას გოლით დამარცხდა. პორტუგალიელი მთავარი მწვრთნელი ლეონარდო ჟარდიმი კლუბს დაემშვიდობა. 44 წლის სპეციალისტი ფრანგულ კლუბს 2014 წლიდან წვრთნიდა.
