განახლებული რეიტინგი: გურამ თუშიშვილი მსოფლიოს უძლიერესი ძიუდოისტია!
ბაქოში ახლახანს დასრულებული მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ მსოფლიო ძიუდოს ფედერაციამ განახლებული რეიტინგი გამოაქვეყნა.
სასიხარულოა, რომ +100 კგ კატეგორიაში პირველი ადგილი გურამ თუშიშვილმა გაიმყარა და ის ამ მომენტისთვის მსფლიოს უძლიერეს ძიუდოისტად ითვლება.
მსოფლიოს მოქმედმა ქართველმა ჩემპიონმა 7202 ქულა დააგროვა და ბუნებრივია პირველობა არავის დაუთმო.
მეორე პოზიციაზე 3671 ქულით ჩეხი ლუკას კრპალეკი იმყოფება.
თუშიშვილი ასევე საერთო რეიტინგსაც სათავეში უდგას.

რაც შეეხება -100 კგ კატეგორიას, მიუხედავად ფინალში დამარცხებისა მსოფლიო რეიტინგში პირველი პოზიცია კვლავ ვარლამ ლიპარტელიანს უჭირავს, რომელსაც 6386 ქულა აქვს.
მეორე პოზიციაზე ჰოლანდიელი მაიკლ კორელი იმყოფება - 5566 ქულა. ხოლო მესამე პოზიციას ფინალში ლიპარტელიანის მძლეველი სამხრეთ კორეელი გუამ ჩო იკავებს - 4896.

საინტერესო ვითარებაა -90 კგ კატეგორიაშიც. პირველ პოზიციაზე 5889 ქულით ესპანეთის სახელით მოასპარეზე ქართველი მოქმედი მსოფლიო ჩემპიონი ნიკოლოზ შერაზადაშვილი იმყოფება.

მეორე ადგილს 4748 ქულით სერბი ალექსანდრ კუკოლი იკავს, ხოლო მესამეზე ქართველი ბექა ღვინიაშვილი იმყოფება - 4227 ქულა.
სხვა წონით კატეგორიებში მოწინავე სამეულში ქართველები არ იმყოფებიან. -60 კგ კატეგორიაში ამირან პაპინაშვილი მეოთხეა, ასევე მეოთხე ადგილზეა ვაჟა მარგველაშვილიც, რომელიც -66 კგ კატეგორიაში გამოდის.
-73 კგ კატეგორიაში ლაშა შავდათუაშვილი მე-6 ადგილს იკავებს.