ანანიძის წარმატებული დაბრუნება - გამარჯვება თასის გათამაშებაში
Aa
Aa

ანანიძის წარმატებული დაბრუნება - გამარჯვება თასის გათამაშებაში

საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი ჯანო ანანიძე მოედანს ხანგრძლივი პაუზის შემდეგ დაუბრუნდა. 24 მარტს ლიტვასთან ამხანაგურ მატჩში მიღებული ტრავმის შემდეგ ანანიძემ პირველი შეხვედრა დღეს, 26 სექტემბერს რუსეთის თასის გათამაშებაში ჩაატარა. აღნიშნულ ორ შეხვედრას შორის 185 დღე გავიდა.

რუსეთის თასის 2018-19 წლების სეზონის გათამაშების 1/16 ფინალურ ეტაპზე მოსკოვის ''სპარტაკმა'' სტუმრად ზე ლუიშის ერთადერთი გოლით ნოვოროსიისკის ''ჩერნომორეცი'' დაამარცხა. ამ გამარჯვებით ''სპარტაკი'' მერვედფინალში გავიდა.

მიმდინარე სეზონში ჯანო ანანიძე ''სპარტაკის'' სამატჩო განაცხადში პირველად მოხვდა. 26 წლის ქართველი ფეხბურთელი მოედანზე 83-ე წუთზე გამოჩნდა.

89-ე წუთზე ქართველ შემტევს გოლის გატანის შესანიშნავი შანსი ჰქონდა, თუმცა მისი ოსტატური დარტყმა მეკარემ ბრწყინვალე ნახტომში მოიგერია.

ჯანოს შესრულება

მატჩის დასრულების შემდეგ ''სპარტაკის'' მთავარმა მწვრთნელმა მასიმო კარეკამ ჯანო ანანიძის შესახებ ისაუბრა:''ამჟამად ჯანო 90 წუთის განმავლობაში სათამაშოდ მზად არაა. იმედი მაქვს საუკეთესო ფორმაში სწრაფად ჩადგება. შესაძლოა მან შემდეგი შეხვედრა სარეზერვო გუნდში ჩაატაროს.''

ერთა ლიგის საწყის ორ ტურში ვლადიმირ ვაისმა აქცენტი უთამაშებელ, მაგრამ გამოცდილ ფეხბურთელებზე გააკეთა. ამ თემაზე სლოვაკმა ''ჰუალინგში'' გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა. აქედან გამომდინარე შესაძლებელია ვაისმა ანდორასთან და ლატვიასთან შეხვედრისთვის ანანიძე გამოიძახოს.

ვლადიმირ ვაისი ყაზახეთთან შეხვედრამდე

''ეროვნულ ნაკრებში ბევრი ისეთი ფეხბურთელი გამოვიძახე, რომლებსაც დიდი გამოცდილება აქვთ. მიუხედავად იმისა, რომ მათ ოფიციალურ შეხვედრებში არ უთამაშიათ, ვფიქრობ შეუძლიათ ნაკრებს დახმარება გაუწიონ. შესაძლოა, ისინი მათზე სასარგებლონი იყვნენ, ვინც კლუბებში რეგულარულად თამაშობენ. მაგალითად მჭედლიძე და ოქრიაშვილი სათამაშო კლასით გამორჩეულები არიან, თუმცა გეთანხმებით, რომ ასი პროცენტით სათამაშოდ მზად არ არიან. მიუხედავად ამისა, მათზე შევაჩერე არჩევანი.''

შეგახსენებთ, მიმდინარე წლის 24 მარტს საქართველო - ლიტვის (4:0) ეროვნული ნაკრებების ამხანაგური მატჩის საწყის წუთებზე ანანიძემ მარჯვენა მუხლის წინა ჯვარედინი მყესების ტრავმა მიიღო, რის გამოც მოედანს ხანგრძლივი დროით დაემშვიდობა.

ვლადიმირ ვაისის გუნდი ერთა ლიგაში მორიგ შეხვედრებს ოქტომბერში გამართავს. საქართველოს ეროვნული გუნდი 13 ოქტომბერს ანდორას უმასპინძლებს, 16 ოქტომბერს კი ლატვიას ესტუმრება. შეგახსენებთ, საწყის ორ ტურში ვაისის გუნდმა ყაზახეთი და ლატვია დაამარცხა და 6 ქულით ჯგუფის ლიდერია.

ანანიძე ''ჩერნომორეცთან'' მატჩის დაწყებამდე

მოამზადა დიმა შარიქაძემ

ფოტო: http://spartak.com

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები