კაშიამ ფეისბუქ გვერდი გააუქმა და მის მიმართ ქომაგების აგრესიას გამოეხმაურა
საქართველოს ნაკრებისა და ამერიკული "სან ხოსეს" ფეხბურთელმა გურამ კაშიამ საკუთარი ფეისბუქ გვერდი გააუქმა.
მისი ეს გადაწყვეტილება ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებს უკავშირდება. როგორც მოგეხსენებათ კაშიას UEFA-მ Equal Game-ის (თანასწორი თამაშის) ჯილდო გადასცა.
გასულ სეზონში, ჰოლანდიის კლუბ „ვიტესში“ თამაშისას, კაშიამ გაბედული ნაბიჯი გადადგა და საჯაროდ მხარი დაუჭირა თანასწორობის იდეას და დაგმო აგრესია.
კაშიამ, ისევე როგორც ჰოლანდიის ყველა სხვა კლუბის კაპიტანმა, ცისარტყელის ფერებში შემოსილი სამკლაური გაიკეთა, რაც ლგბტ ადამიანების მხარდაჭერას გულისხმობს. აღნიშნულ ქმედებას უარყოფითი რეაქცია მოჰყვა ქართული საზოგადოების ნაწილისგან.

ქართველმა ფეხბურთელმა ასევე დახურა თავისი Instagram-ის გვერდი, რომელზეც ფოტოების ნახვა ამიერიდან ყველას აღარ შეეძლება.
კაშია უკანასკნელ დღეებში განვითარებულ მოვლენებს სწორედ Instagram-იდან გამოეხმაურა. ფეხბურთელი წერს:
"მე, სანამ ერთი გულშემატკივარი მაინც მეყოლება ჩვენს ქვეყანაში, იმ ადამიანისთვის გამოვცხადდები ნაკრებში"!
"ფეისბუქის გვერდს ვაუქმებ. მიყვარს ჩემი ქვეყანა, ჩვენი კულტურა, თავად რელიგიური პიროვნება ვარ. აი, ეს არის ჩემთვის უმთავრესი და მნიშვნელოვანი".

"აგრესია, მოგკლავ, აგრესია, გაა**ვი ნაკრებიდან, აგრესია! **ეო, აგრესია" - "არავის აზრს არ ვითვალისწინებ. არაფერს არ ვნანობ. ძალიან ამაყი ადამიანი ვარ".
"ჩემს გულშემატკივარს. ვინც მხარში მიდგახართ. ბოდიში და დიდი მადლობა ამისთვის. მიყვარხართ".
შეგახსენებთ, რომ UEFA გურამ კაშიას Equal Game-ის ჯილდოს მონაკოში 30 აგვისტოს ჩემპიონთა ლიგის წილისყრისა და ევროპის საუკეთესო ფეხბურთელის დაჯილდოების ცერემონიაზე გადასცემს.