''ვცდილობ ლა ლიგის შეხვედრებს მომზადებული შევხვდე'' - კატალონიური გუნდის ქართველი ფეხბურთელი
Aa
Aa

''ვცდილობ ლა ლიგის შეხვედრებს მომზადებული შევხვდე'' - კატალონიური გუნდის ქართველი ფეხბურთელი

ესპანური ''ჟირონა'' ლა ლიგის ახალი სეზონისთვის მზადებას განაგრძობს. კატალონიური კლუბი მოსამზადებელი ეტაპის ბოლო შეხვედრას 11 აგვისტოს ''ხეტაფესთან'' ჩაატარებს. აღნიშნულ მატჩში შესაძლოა ''ჟირონას'' 19 წლის ნახევარმცველმა გიორგი ქოჩორაშვილმა ითამაშოს.

მიმდინარე ზაფხულში ''ჟირონას'' მთავარ მწვრთნელად ეუსებიო საკრისტანი დაინიშნა, რომელიც ფეხბურთელობისას ''ბარსელონას'' ღირსებას იცავდა, კარიერის დასრულების შემდეგ კი ''ბარსას'' სარეზერვო გუნდს წვრთნიდა.

მიმდინარე ზაფხულში ეუსებიომ ქოჩორაშვილს პირველ გუნდში თამაშის შანსი მისცა. ''საბურთალოდან'' ესპანურ გუნდში განათხოვრებულმა ფეხბურთელმა ''ჟირონას'' მაისურით ''საბადელის,''  ''რეუს დეპორტიუსა'' და ''ტოტენჰემის'' წინააღმდეგ ითამაშა.

გიორგი ქოჩორაშვილი crystalsport-ს ესაუბრა.

ეუსებიო საკრისტანის შესახებ

ეუსებიოსთან მუშაობა ძალიან სასიამოვნოა. დარიგებებს ხშირად არ მაძლევს, მაგრამ როცა მესაუბრება, ყველაფერს ძალიან სწორად მიხსნის. მას ისეთი ფეხბურთი უყვარს, რა სტილითაც ''ბარსელონაში'' თამაშობდა. მას ასევე უყვარს ახალგაზრდა ფეხბურთელებთან მუშაობა. მას გავლილი აქვს კრუიფის სკოლა.

კრუიფის შესახებ ჩანაწერებს ხშირად ვუყურებ, როცა ''ოცნების გუნდს'' წვრთნიდა. კრუიფისა და ეუსებიოს მიდგომებსა და მეთოდოლოგიას ერთმანეთთან ვამსგავსებ.

პირველ გუნდში თამაშის შესაძლებლობა

ყოველთვის ვცდილობ დასახულ მიზნამდე ნაბიჯ-ნაბიჯ მივიდე, თუმცა ზოგჯერ შესაძლოა ყველაფერი სწრაფად მოხდეს. რა თქმა უნდა ჩემი მიზანი პირველ გუნდში ვარჯიში და თამაში იყო, თუმცა არ ველოდი თუ ასე მოკლე დროში პირველ გუნდში თამაშის შანსს მომცემდნენ.

ამ ეტაპზე ჩემი მიზანი ''ჟირონას'' მეორე გუნდში მაღალ დონეზე თამაშია, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ მოსამზადებელ ეტაპზე პირველ გუნდში მათამაშეს, ლა ლიგაში რამდენიმე თამაშის ჩატარება მომიწევს. მსურს ლა ლიგის შეხვედრებს მომზადებული შევხვდე. ყველაფერს დრო აჩვენებს, წინასწარ ვერაფერს განვსაზღვრავ.

ბოლო ამხანაგური მატჩი

11 აგვისტოს ბოლო ამხანაგურ მატჩს ''ხეტაფესთან'' ჩავატარებთ. განაცხადში მოვხვდი. ვნახოთ, შესაძლოა რამდენიმე წუთით ვითამაშო.

ენობრივი ბარიერი

ესპანურ ენაზე საუბარი გამოვასწორე. შესაძლოა, ზოგჯერ შეცდომებს ვუშვებ, თუმცა დღეს უკეთ ვმეტყველებ. კატალონიური ენა მეტ-ნაკლებად მესმის, მაგრამ საუბარი მიჭირს. რეალურად კატალონიურ ენაზე საუბრის საჭიროებაც არაა, რადგან მეტწილად ესპანურად ვსაუბრობ მოედანზე თუ მოედნის მიღმა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები