Aa
Aa

"რეალმა" ტიბო კურტუა წარადგინა

„მადრიდის რეალმა“ აწ უკვე „ჩელსის“ გოლკიპერი, ტიბო კურტუა, წარადგინა. შეგახსენებთ, რომ „სამეფო კლუბმა“ კურტუა ლონდონური გუნდიდან 35 მილიონის და მატე კოვაჩიჩის ერთწლიანი იჯარის სანაცვლოდ გადმოიყვანა.

"რეალის" ფეხბურთელის რანგში გამართულ პირველ პრესკონფერენციაზე კურტუამ განაცხადა: „მსოფლიოს საუკეთესო კლუბში ჩამოსვლა და მისი მაისურით თამაში ძალიან მახარებს. წარმატების მისაღწევად მუდამ მაქსიმუმს ვაკეთებდი და „რეალშიც“ იგივე გეგმები მაქვს“.

„ამ მომენტზე ბავშვობიდან ვოცნებობდი. რამდენჯერმე თქვენი მოსისხლე მტერი ვიყავი, თუმცა ახლა ერთ-ერთი თქვენგანი ვარ და ერთი სული მაქვს „რეალის“ მაისურს როდის მოვირგებ. მინდა მადლობა კლუბის პრეზიდენტს, ჩემს შვილებს, მეუღლეს და წარმომადგენლებს გადავუხადო“.

აღსანიშნავია, რომ წარდგენისას გამოყენებულ მაისურზე ნომერი არ ეწერა. გავრცელებული ინფორმაციით ტიბოს 13 ნომრის აღება სურს, თუმცა „სამეფო კლუბის“ წარმომადგენლები მას დიდი ალბათობით ერთნომრიან მაისურს გადასცემენ.

ფლორენტინო პერესმა „ჩელსის“ მეგობარი გუნდი უწოდა და კურტუათან კონტრაქტს ხელი საზეიმოდ მოაწერა. ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ ბელგიელი „სანტიაგო ბერნაბეუს“ მინდორზე გავიდა და „რეალის“ ლოგოს პირველად აკოცა.

შეგახსენებთ, რომ „ჩელსის“ დატოვების შემდეგ კურტუამ „ინსტაგრამზე“ პოსტი გამოაქვეყნა, სადაც ლონდონელ გულშემატკივრებს და გუნდს მადლობა გადაუხადა, თუმცა მან ეს პოსტი მალევე წაშალა, რასაც ჩელსის ქომაგების გაღიზიანება მოჰყვა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები