კრონკე უსმანოვს შეუთანხმდა - ''არსენალის'' ღირებულება 1,8 მილიარდს შეადგენს
სტან კრონკე მზადაა ლონდონის ''არსენალზე'' სრული კონტროლი მოიპოვოს. ამერიკელი კლუბის მთავარი აქციონერია, თუმცა აქციათა 100-პროცენტიან წილს არ ფლობს.
ამჟამად ამერიკელის მფლობელობაში ''არსენალის'' აქციათა 67 პროცენტი შედის.
ალიშერ უსმანოვი თანახმაა, რომ მის მფლობელობაში არსებულ აქციათა 30-პროცენტიანი წილი კრონკეს მიყიდოს. აღნიშნული გარიგებით უსმანოვი 550 მილიონ ფუნტ სტერლინგს მიიღებს, რის შემდეგაც ''არსენალის'' სრული ღირებულება 1,8 მილიარდს შეადგენს და მთელს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული კლუბი გახდება.
სტან კრონკეს ამბიციური მიზნები აქვს. მას სურს ლონდონურმა კლუბმა პრემიერლიგისა და ჩემპიონთა ლიგის მოგებისთვის იბრძოლოს.
კრონკეს კომპანია, რომელსაც Kroenke Sports & Entertainment-ი ეწოდება, ''არსენალის'' გარდა ფლობს საკალათბურთო კლუბ ''დენვერ დაგენტსს'', ჰოკეის კლუბ ''კოლორადო ეველენჩის'', ამერიკული ფეხბურთის კლუბ ''ლოს ანჯელეს რემსისა'' და საფეხბურთო კლუბ ''კოლორადო რაპიდსს''.
''ჩვენ KSE ვართ და გვსურს ახალი შეთავაზებით კლუბის 100-პროცენტიანი წილის მფლობელები გავხდეთ. ჩვენ ვაფასებთ მისტერ უსმანოვის მიერ კლუბისთვის გაწეულ ღვაწლს.
გვაქვს ამბიცია პრემიერლიგისა და ჩემპიონთა ლიგის მოგებისთვის ვიბრძოლოთ. გარდა ამისა ჩვენი მიზანია ქალთა მთავარი გუნდისა და კლუბის აკადემიის წარმატებული გამოსვლა'' - აღნიშნულია კომპანიის განცხადებაში.
შეგახსენებთ, 2008 წლის 19 სექტემბერს სტან კრონკე ''არსენალის'' დირექტორთა საბჭოს წევრი გახდა. თავდაპირველად ამერიკელი ბიზნესმენი კლუბის აქციათა 29,9 პროცენტს ფლობდა. 2011 წლის აპრილში კრონკე ''არსენალის'' აქციათა საკონტროლო პაკეტის მფლობელი გახდა. აღნიშნულ პერიოდში აქციები დენი ფისზმანისა და ნინა ბრეისველისგან შეიძინა.
2018 წლის აგვისტოში კრონკემ ალიშერ უსმანოვს მიმართა. რათა აქციათა 100-პროცენტიანი წილი შეეძინა. როგორც ბრიტანული მედია იუწყება, უსმანოვმა წინადადებას დადებითად უპასუხა.
კრონკე წარმოშობით გერმანელია. ის ლუთერანების ოჯახში გაიზარდა. მას კარჩაკეტილ პიროვნებად ახასიათებენ. ის ცნობილია მეტსახელით: ''ჩუმი სტანი'', რადგან ინტერვიუზე თითქმის არასდროს თანხმდება.
ალიშერ უსმანოვი
