რეკორდები და ახალი ისტორია! - ნიკოლოზ ბასილაშვილი - ქართული ჩოგბურთის სამუდამო სიმბოლო!
Aa
Aa

რეკორდები და ახალი ისტორია! - ნიკოლოზ ბასილაშვილი - ქართული ჩოგბურთის სამუდამო სიმბოლო!

ნიკოლოზ ბასილაშვილი - სახელი, რომელიც ქართული სპორტისა და კონკრეტულად, ჩოგბურთის ისტორიაში სამუდამოდ დარჩება. ნიკა პირველი ქართველია, რომელმაც ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის შემდეგ, ATP-ს ტიტული მოიგო. ამასთანავე, მსოფლიო რეიტინგის ქართული რეკორდიც დაამყარა.

დღეს გამოქვეყნებულ ახალ მსოფლიო კლასიფიკაციაში, ბასილაშვილმა ერთბაშად 46 საფეხური მოიგო და 81-დან 35-ე პოზიციამდე აინაცვლა. აქამდე რეკორდი ირაკლი ლაბაძეს ეკუთვნოდა, რომელიც 2004 წლის ივლისში, მსოფლიოს 42-ე ჩოგანი გახლდათ.

ATP-ს ოფიციალური საიტის რეპორტიორის კითხვაზე, თუ რა გრძნობაა, იყო ქვეყნის პირველი ჩემპიონი და ყველა დროის უმაღლესი რეიტინგის მქონე, ბასილაშვილმა უპასუხა: "რა თქმა უნდა, ეს დაუჯერებელია! ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს, რომ ვიყო საქართველოს პირველი წარმომადგენელი, რომელმაც ATP-ს ტურნირი მოიგო. უდავოდ, ეს რაღაც განსაკუთრებულია".

მიმდინარე სეზონში ბასილაშვილი მე-4 ჩოგბურთელია, რომელმაც ტურნირი კვალიფიკანტის რანგში მოიგო. აქამდე იგივე გააკეთეს: სიდნეიში - დანილ მედვედევმა (რუსეთი), სოფიაში - მირზა ბაშიჩმა (ბოსნია) და კიტოში - რობერტო კარბალეს ბაენამ (ესპანეთი). რაც შეეხება მარკო ჩეკინატოს, მან ბუდაპეშტის ტურნირი საერთოდ "იღბლიანი" დამარცხებულის სტატუსით მოიგო.

გერმანელმა, ფილიპ პეტშნერმა 2008 წელს კვალიფიკაციიდან 500-იანი ტურნირის ჩემპიონობა მოიპოვა. ბასილაშვილის წარმატებამდე, ანუ ბოლო 10 წლის განმავლობაში, ამ რანგის ტურნირი კვალიფიკანტის ტრიუმფით არ დასრულებულა.

მსოფლიო ჩოგბურთის ისტორიაში ყველაზე წარმატებული ქართველი ალექსანდრე მეტრეველი გახლავთ, რომლის ტიტულატურაში ATP-ს 5 ტურნირია. ლეგენდარულ ჩოგბურთელს, რომელიც უკვე 73 წლისაა, უიმბლდონის ფინალში (1973 წ.), ავსტრალიის ღია პირველობისა (1972 წ.) და როლან გაროსის (1972 წ.) 1/2 ფინალში, ასევე ამერიკის ღია პირველობის (1974 წ.) 1/4 ფინალში აქვს ნათამაშები.

მეტრეველი ამჟამად სპორტული კომენტატორია და რუსულ "ევროსპორტზე" წარსულში ცნობილ რუს ჩოგბურთელთან, ანა დმიტრიევასთან ერთად, რეპორტაჟები მიჰყავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები