1:6-დან მოგებული ტაიბრეიკი! - ბასილაშვილის ბრწყინვალე გამარჯვება კიდევ ერთ ფავორიტთან!
Aa
Aa

1:6-დან მოგებული ტაიბრეიკი! - ბასილაშვილის ბრწყინვალე გამარჯვება კიდევ ერთ ფავორიტთან!

ნიკოლოზ ბასილაშვილი ჰამბურგის 500-იან ტურნირზე წარმატებულ გამოსვლას აგრძელებს და ფილიპ კოლშრაიბერის დამარცხების შემდეგ, დღეს კიდევ ერთი შეხვედრა მოიგო.

ქართველი გათამაშების 1/8 ფინალურ სტადიაზე პაბლო კუევასს დაუპირისპირდა, რომელიც ძალიან გამოცდილი მოთამაშეა და განსაკუთრებით თიხის საფარი უყვარს. დღევანდელი მატჩის უპირობო ფავორიტადაც სწორედ ურუგვაელი ითვლებოდა.

შეხვედრა თანაბარ ორთაბრძოლაში წარიმართა და პირველ სეტში საქმე ტაიბრეიკამდე მივიდა, სადაც კუევასი 6:1-ს იგებდა და ბასილაშვილის საოცარი სვლა სწორედ აქ ჩაირთო. ნიკამ მოწინააღმდეგეს ზედიზედ 7 გათამაშება მოუგო, რითაც სეტი სათავისოდ დახურა და მიმდინარე ტურნირის ერთ-ერთი ყველაზე დიდი "ქამბექი" შეასრულა.

მოვლენათა ასეთმა განვითარებამ ბასილაშვილს თავდაჯერება შემატა, რაც მეორე სეტში ნათლად გამოჩნდა. ქართველი მოწოდებებს იოლად ინარჩუნებდა, მე-7 გეიმში კი ბრეიკიც შეასრულა და თამაში თავის სასარგებლოდ - 7:6; 6:4 დაასრულა.

ნიკამ 5 ეისი მოაწოდა და 4 ორმაგი შეცდომა დაუშვა. პირველ მოწოდებაზე ქულების 71% (34-დან 24), ხოლო მეორეზე 68% (40-დან 27) მოიგო. 

გერმანიის ღია პირველობის 1/4 ფინალში გასვლის შედეგად, ქართველმა ჩოგბურთელმა 90 სარეიტინგო ქულა გამოიმუშავა. მან ამ ტურნირზე წინა წელს პირველივე წრეში წააგო, რისთვისაც 20 ქულა ერგო, შესაბამისად, დღევანდელი მონაცემებით, მომდევნო კვირისთვის +70 ქულა აქვს დაბევებული.

26 წლის ბასილაშვილის ტურნირის მომდევნო წრეში, პაბლო კარენო-ბუსტასა და ალიაზ ბედენეს შორის გამარჯვებულს შეხვდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები