კასანოს აზრით მესი მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია
Aa
Aa

კასანოს აზრით მესი მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია

„მადრიდის რეალის“ და იტალიის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა, თანამედროვეობის ორ საუკეთესო ფეხბურთელზე, კრიშტიანუ რონალდუზე და ლიონელ მესიზე ისაუბრა და თავისი აზრით დააფიქსირა.

ბოლო ათწლეულებია მსოფლიო ფეხბურთში რონალდუ და მესი დომინირებენ. უკანასკნელი 10 „ოქროს ბურთი“ სწორედ მათ მოიგეს და გულშემატკივრებს შორის საუკეთესო მოთამაშესთან დაკავშირებული დებატები გააჩაღეს.

Vanity Fair-თან საუბრისას იტალიელმა საკუთარი აზრი დააფიქსირა და ნომერ პირველად მესი მიიჩნია: „მესი ძალიან მიყვარს, ჩემთვის ის ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელია, ემოციები, რომლებსაც ლეოს თამაშის ხილვისას ვიღებ ვერაფერი შეედრება“. 

„თქვენი დარწმუნება რომ მინდოდეს მარტივ რაღაცას გკითხავდით, შეგიძლიათ მოძებნოთ ისეთი ფეხბურთელი, რომელსაც ბურთის კონტროლი და გოლების გატანა მესის მსგავსად შეუძლია? დარწმუნებული ვარ დედამიწაზე ასეთი არავინაა“.

„კრიშტიანუს არაფერი აკლია, თუმცა მთავარი ეს არაა. ჩოგბურთი ძალიან მიყვარს და შედარებას სწორედ ამ სპორტიდან მოვიყვან. რონალდუ რაფაელ ნადალს ჰგავს, იგი ფანტასტიური ათლეტია, რომელმაც წარმატებას რა თქმა უნდა ტალანტის და ამავდროულად უდიდესი შრომის შედეგად მიაღწია. რაც შეეხება ლეოს, მესი ფედერერივითაა, იგი ნამდვილი ხელოვანი და შეუდარებელი კლასის მქონე ფეხბურთელია. ისინი ერთმანეთისგან ძალიან განსხვავდებიან და ქომაგებს ორივე მათგანი ძალიან მოსწონს. მე მესის მხარეს ვარ, მას თამაშის მიმდინარეობაში ცვლილებების შეტანა გაჩერებულსაც შეუძლია და ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, თითქოს საოცარ ფიზიკურ კონდიციებში ყოფნა სულაც არ სჭირდება“.

„მესის საპატივცემულოდ ჩემს მეორე შვილს, ლიონელი დავარქვი“.

შეგახსენებთ, რომ რონალდუმ 2017-18 წლების სეზონში, „რეალის“ მაისურით 44 გოლი გაიტანა და „სამეფო კლუბთან“ ერთად ჩემპიონთა ლიგა ზედიზედ მესამედ მოიპოვა.

„კრიშტიანუ ბუნებამ დააჯილდოვა, თუმცა ამასთან ერთად რონალდუს უნიკალური მენტალიტეტი, საუკეთესოს სტატუსისკენ დაუოკებელი სწრაფვა და საოცარი პროფესიონალიზმი აქვს, ამის გამო მე მას უდიდეს პატივს ვცემ. კრიშტიანუ ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია, მაგრამ მან ამ ყველაფერს უდიდესი შრომის შედეგად მიაღწია“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები