7 ივლისის „სატრანსფერო ზონა“
ზაფხულის სატრანსფერო სიახლეები CRYSTALSPORT.GE-სგან
***
„ბარსელონამ“ ზაფხულის პირველი ტრანსფერი განახორციელა. კატალონიელებმა „გრემიოდან“ ბრაზილიელი ცენტრალური ნახევარმცველი არტურ მელო შეიძინეს.
ტრანსფერის დადასტურების შემდეგ ფეხბურთელმა პირველი კომენტარიც გააკეთა.
„აქ მადლობის გადასახდელად ვარ. „გრემიომ“ ოცნების ახდენის საშუალება მომცა და ამისთვის მადლიერი ვარ. იმედი მაქვს, რომ ერთ დღესაც დაბრუნების საშუალება მომეცემა.
„ბარსამ“ მთხოვა, რომ მათ რიგებში ამ ზაფხულსვე გადავსულიყავი. ეს იყო კლუბებს შორის მოლაპარაკების შედეგი და მე მასში მონაწილეობა არ მიმიღია“.
„ბარსა“ არტურს ქომაგების წინაშე უახლოეს უიკენდზე წარადგენს. რაც შეეხება გარიგების დეტალებს, კატალონიელებს არტურის სანაცვლოდ 30 მილიონი ევროს გადახდა მოუწევთ. პლუს ამას 4 მილიონი ბონუსების სახით.
შეგახსენებთ, რომ არტურ მელო „გრემიოს“ ღირსებას 2015 წლიდან იცავს. მის ანგარიშზე 50 შეხვედრაში 2 გოლი და 3 საგოლე გადაცემაა.

***
„მონაკო“ 2018-19 წლების სეზონისთვის მზადებას განაგრძობს. ფრანგულმა გუნდმა „რიუ ავედან“ 26 წლის პელე გადმოიყვანა და მას „ლივერპულში“ წასული ფაბინიოს შემცვლელად განიხილავს.
გვინეა-ბისაუელი ფეხბურთელი შარშან „რიუ ავეს“ წლის საუკეთესო მოთამაშე გახდა.
ჟურნალისტებთან საუბრისას პელემ განაცხადა: „საფრანგეთში გადმოსვლით ძალიან ბედნიერი ვარ, „მონაკო“ ამბიციური გუნდია, რომელიც ჩემპიონთა ლიგის და ლიგა 1-ის მოგებისთვის იბრძვის. ერთი სული მაქვს თანაგუნდელებს და სამწვრთნელო შტაბის წევრებს როდის შევხვდები, აქ თამაში უდიდესი სიამოვნება და ახდენილი ოცნებაა“.

***
Sport.es -ის ინფორმაციით „ბარსელონამ“ პაულინიოს თაობაზე გრანდიოზული, 50 მილიონ ევროიანი შეთავაზება მიიღო. ბრაზილიელი კატალონიურ გუნდში შარშან „გუანჟუ ევერგრანდიდან“ გადმოვიდა და თუ ესპანურ გამოცემას დავუჯერებთ შემოთავაზება ერთ-ერთმა ჩინურმა კლუბმა გააკეთა.
ბელგიასთან მარცხის შემდეგ სავარაუდო ტრანსფერის შესახებ პაულინიომაც ისაუბრა და გავრცელებული ინფორმაცია დაადასტურა: „ბარსელონაში წასვლას და ჩემს წარმომადგენლებთან ამ საკითხის განხილვას ვაპირებ. შემოთვაზება ჩინეთიდან და კიდევ რამდენიმე გუნდიდან მაქვს, „ბარსას“ დატოვება ჯერ არ გადამიწყვეტია, არჩევანს კლუბთან საუბრის შემდეგ გავაკეთებ“.
პაულინიოს კატალონიურ გუნდთან კონტრაქტი 2021 წლამდე აკავშირებს და ტრანსფერმარკეტის მიხედვით მისი გამოსასყიდი თანხა 36 მილიონია.

***
ინგლისური გამოცემების ინფორმაციით „ვესტ ჰემს“ დიმიტრი პაიეს საკუთარ შემადგენლობაში ხილვა სურს. ეს უკანასკნელი „ჩაქუჩების“ რიგებში 2015-17 წლებში ასპარეზობდა და ლონდონური გუნდი ორი წლის წინ ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს დატოვა. პაიემ „ვესტ ჰემში“ 48 შეხვედრა ჩაატარა და მეტოქე გუნდების კარის აღება 10-ჯერ მოახერხა.
დიმიტრის გადმობირება განსაკუთებით მანუელ პელეგრინის სურს, ფრანგ შემტევს „მარსელთან“ კონტრაქტი 2021 წლამდე აკავშირებს და მისი გამოსასყიდი თანხა 22 მილიონი ევროა.

***
„არსენალის“ და „ლივერპულის“ ერთ-ერთმა სამიზნემ, ჟელსონ მარტინშმა, ინგლისში წასვლაზე უარი განაცხადა და კონტრაქტის გაფორმება დიეგო სიმეონეს „ატლეტიკოსთან“ გადაწყვიტა.
შეგახსენებთ, რომ მარტინში იმ ფეხბურთელების შორისაა, რომლებსაც „სპორტინგმა“ ხელშეკრულება შეუწყვიტა და თავისუფალი აგენტის სტატუსი მიანიჭა. პორტუგალიური გუნდის შემადგენლობაში ჟელსონმა 92 შეხვედრა ჩაატარა და 18 გოლი გაიტანა. მარტინშის მიმართ დაინტერესებას „ლაციოც“ იჩენდა.

***
ლონდონის არსენალის მთავარ მწვრთნელ უნაი ემერის სტივენ ნზონზის გადაბირება სურს. ‘‘სევილიას’’ ფრანგი ნახევარმცველი ‘‘მეთოფეებთან’’ მოლაპარაკებას აწარმოებს.
ნზონი ინგლისის პრემიერლიგაში ‘‘ბლექბერნისა’’ და ‘‘სტოკის’’ შემადგენლობაში ასპარეზობდა. 2015 წლიდან ‘‘სევილიას’’ ღირსებას იცავს. ნზონიმ ესპანური გუნდის მაისურით 136 მატჩში 8 გოლი გაიტანა.
არსენ ვენგერის შეცვლის შემდეგ ემერიმ სამი ტრანსფერი განახორციელა. ჩრდილოლონდონური გუნდის შემადგენლობაში ბერნდ ლენო, სოკრატიკ პაპასტატოპულოსი, და შტეფან ლიხშტაინერი ჩაირიცხნენ.

***
საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი ფორვარდი ბაჩანა ცხადაძე კარიერას ფრანგულ ‘‘ბასტიაში’’ გააგრძელებს. 30 წლის ფეხბურთელმა კორსიკულ კლუბთან ხელშეკრულება 1+1 სისტემით გააფორმა.
‘‘ბასტია’’ საფრანგეთის ლიგა 1-ში რეგულარულად ასპარეზობდა. ამჟამად კი რანგით მეხუთე ლიგაშია და გუნდის მიზანი ლიგა 1-ში დაბრუნებაა.
ბაჩანა ცხადაძეს საქართველოს ჩემპიონატის გარდა აზერბაიჯანსა და ალბანეთში უთამაშია. საქართველოს ეროვნულ ნაკრებში 5 მატჩი ჩაატარა.

***
მადრიდის ‘‘რეალის’’ ყოფილმა ფეხბურთელმა როისტონ დრენტემ ფეხბურთელის კარიერა განაახლა. 31 წლის გარემარბი ორწლიანი პაუზის შემდეგ მინდორს უბრუნდებდა. მან როტერდამის ‘‘სპარტასთან’’ ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა.
პროფესიული კარიერის საწყის ეტაპზე ჰოლანდიაში დრენტეზე დიდ იმედებს ამყარებდნენ, თუმცა შესაძლებლობები სრულად ვერ გამოავლინა. უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში ჰიპ-ჰოპით იყო დაკავებული.

***
ინგლისის პრემიერლიგაში დაბრუნებული ‘‘ვულვზი’’ ოლექსანდრ ზინჩენკოს შეძენას ცდილობს.კლუბმა ‘‘მანჩესტერ სიტის’’ ოფიციალური წინადადებით მიმართა, რომლის მიხედვით ‘‘ვულვზი’’ მზადაა უკრაინელის სანაცვლოდ 16 მილიონი ფუნტი სტერლინგი გადაიხადოს.
ამპლუით ნახევარმცველს რუსულ ‘‘უფასა’’ და ჰოლანდიურ პსვ-ში უთამაშია. ფეხბურთელმა პრემიერლიგის გასულ სეზონში ‘‘ქალაქელების’’ მაისურით 8 მატჩი ჩაატარა.
