Aa
Aa

დამაჯერებელი ხორვატია - ბალკანელებმა გადახალისებული შემადგენლობითაც მოიგეს

2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის D ჯგუფში გამართული მატჩი, სადაც ერთმანეთს ისლანდიისა და ხორვატიის ნაკრებები დაუპირისპირდნენ, ბევრ რამეს წყვეტდა. ნაწილობრივ სწორედ ხორვატიის თამაშზე იყო დამოკიდებული გავიდოდა თუ არა შემდეგ ეტაპზე არგენტინის ნაკრები. ხორვატთა თავკაცმა, დალიჩმა ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელების დასვენება გადაწყვიყა და მოედანზე შედარებით სუსტი გუნდით გავიდა. ამის მიუხედავად ხორვატებს ისლანდიის კარის აღება მაინც არ გასჭირვებიათ და “ფიორენტინაში” მოთამაშე მილან ბადელმა, 53-ე წითზე პივარიჩის ასისტის შემდეგ საკუთარი გუნდი დააწინაურა.

გაშვებული გოლის შემდეგ, ისლანდიის ნაკრები კიდევ უფრო გამოცოცხლდა და რამდენიმე სახიფათო მომენტი შექმნა, თუმცა ისლანდიელებმა თამაშიდან გოლის გატანა ვერ შეძლეს და ანგარიშის გათანაბრება მხოლოდ თერთმეტმეტრიანის წყალობით, 76-ე წუთზე მოახერხეს. პენალტი ზუსტად გუნდის ლიდერმა, გილფი სიგურდსონმა შეასრულა - 1:1.

დარჩენილ დროში თამაში ორმხრივი შეტევებით წარიმართა. ისლანდიელებმა მეტოქის კარში სულ 6-ჯერ დაარტყეს და 10 კუთხური მოაწოდეს, თუმცა ხორვატები მაინც ვერ გატეხეს და მეტიც, საბოლოოდ ბურთი ისევ საკუთარ კარში მიიღეს. მატჩის მიწურულს, 90-ე წუთზე პირველი გოლის ავტორმა, მილან ბადელჟმა ბურთი პერიშიჩს გადააწოდა, რომელმაც შეხვედრაში საბოლოო ანგარიში 1:2 დააფიქსირა.

გამარჯვების შემდეგ ხორვატიის ნაკრებმა D ჯგუფი 9 ქულით, პირველ ადგილზე დაასრულა. აღსანიშნავია რომ, ჯგუფში გამართულ შეხვედრებში ხორვატიის ნაკრებმა ყველაზე ცოტა - ერთი გოლი გაუშვა, მეტოქეებს კი 7 გაუტანა. ამავე ჯგუფიდან მერვედფინალში თამაშის უფლება არგენტინის ნაკრებმა მოიპოვა, რომელმაც ნიგერია ანგარიშით - 2:1 დაამარცხა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები