''იუვენტუსს'' იკარდის შეძენა სურს - 50 მილიონი და პლუს იგუაინი
Aa
Aa

''იუვენტუსს'' იკარდის შეძენა სურს - 50 მილიონი და პლუს იგუაინი

იტალიური Corriere Della Sera-ს ცნობით ტურინის ''იუვენტუსმა'' მაურო იკარდის ტრანსფერთან დაკავშირებით მილანის ''ინტერს'' ოფიციალურად მიმართა. ტურინელები მზად არიან იკარდის სანაცვლოდ 50 მილიონი ევრო გადაიხადონ და გონსალო იგუაინი მილანურ გუნდს დაუთმონ.

კონტრაქტის მიხედვით იკარდის გამოსასყიდი თანხა 110 მილიონ ევროს შეადგენს, თუმცა ტრანსფერი შესაძლებელია მხოლოდ 1 ივლისიდან 20 დღის განმავლობაში და მხოლოდ არაიტალიური გუნდებისთვის. მიუხედავად აღნიშნული დეტალისა, ტურინელთა იურისტი კონტრაქტს ზედმიწევნით სწავლობს, რომ მოახერხოს ხელშეკრულების მათ სასარგებლოდ გააქტიურება.

აღნიშნულ დეტალზე დაყრდნობით სხვა იტალიური წყაროები გამორიცხავენ იკარდის ''იუვეში'' გადაბარგებას, რასაც ემატება ის გარემოებაც, რომ ''ინტერი'' უშუალო კონკურენტს სერია ა-ს საუკეთესო ბომბარდირს არ მიყიდის.

ყველაზე საინტერესო არის ის ფაქტი, რომ ''ინტერი'' და იკარდი მზად არიან მოლაპარაკების გასამართად.

გასულ კვირაში იკარდის მეუღლემ და მისმა წარმომადგენელმა ვანდა ნარამ განაცხადა, რომ თუ მილანურ კლუბთან ახალი კონტრაქტის შესახებ მოლაპარაკება არ დაიწყება, 25 წლის ფეხბურთელი წასვლაზე დაფიქრდება.

მაშინ როცა იგუაინი 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე არგენტინის ნაკრებთან ერთად მიემგზავრება, იკარდი ''ალბისელესტეს'' შემადგენლობაში ვერ მოხვდა.

გასულ სეზონში იკარდიმ სერია ა-ს 34 მატჩში 29 გოლი შეაგდო, ხოლო იგუაინმა ყველა ტურნირზე ჩატარებულ 50 შეხვედრაში მხოლოდ 23 გოლი გაიტანა.

Sun-ის ცნობით იგუაინი შესაძლოა ლონდონის ''ჩელსის'' ფეხბურთელი გახდეს. ''არისტოკრატების'' მთავარი მწვრთნელობის კანდიდატი მაურისიო სარია. ისინი ერთად 2015-16 წლების სეზონში ''ნაპოლიში'' მუშაობდნენ და შესაძლოა ლონდონურ გუნდშიც ვიხილოთ.

იგუაინი ''რივერ პლეიტის,'' მადრიდის ''რეალისა'' და ''ნაპოლის'' ყოფილი ფეხბურთელია. 2016 წლიდან ''იუვენტუსისთვის'' ასპარეზობს. 30 წლის თავდამსხმელმა არგენტინის ეროვნულ გუნდში ჩატარებულ 71 მატჩში 30 გოლი შეაგდო.

2016 წლიდან მოყოლებული იგუაინმა ყველა ტურნირზე ჩატარებულ 105 შეხვედრაში 55 გოლი გაიტანა. არგენტინელმა ''ბებერი ქალბატონისთან'' ერთად პირველივე სეზონში მოიპოვა სერია ა-ს ჩემპიონის ტიტული, რაც ვერ შეძლო ''ნაპოლისთან'' ერთად. ტურინელებმა გასულ სეზონშიც მოახერხეს შედეგის გამეორება და იგუაინი ზედიზედ მეორედ გახდა იტალიის ჩემპიონატის გამარჯვებული.

იგუაინისგან განსხვავებით იკარდის გუნდური ტიტული არასდროს მოუგია, თუმცა ორჯერ გახდა სერია ა-ს საუკეთესო ბომბარდირი (22 გოლი - 2014-15, 29 გოლი - 2017-18). იგუაინმა, რომელიც საფრანგეთის ქალაქ ბრესტშია დაბადებული, სერია ა-ში ყველაზე მეტი გოლი მხოლოდ ერთ სეზონში შეაგდო ( 30 გოლი - 2015-16).

იკარდიმ არგენტინის ეროვნულ გუნდში მხოლოდ 4 მატჩი ჩაატარა. მაურო 2013 წლიდან მილანური გუნდის ღირსებას იცავს. როსარიოში დაბადებული 9 წლის ასაკში არგენტინიდან ესპანეთში გაემგზავრა, სადაც კუნძულ გრან კანარიაზე კლუბ ''ვესინდარიოში'' ჩაირიცხა.

15 წლის იკარდი კატალონიის ''ბარსელონამ'' მიიწვია. ''ლა მასიას'' აკადემიაში სამი წელი გაატარა და გენუის ''სამპდორიასთან'' ფეხბურთელი გახდა. 2011 წელს დაიწყო ფორვარდის იტალიური კარიერა. ''სამპდორიას'' მაისურით სადებიუტო შეხვედრა სერია ბ-ში ''იუვე სტაბიასთან'' ჩაატარა. მაურო მეორე ტაიმში ცვლილებაზე ჩაერთო თამაშში და სადებიუტო თამაშში გამარჯვების გოლი გაიტანა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები