ზიდანის პრესკონფერენცია
Aa
Aa

ზიდანის პრესკონფერენცია

მადრიდის "რეალის" მთავარმა მწვრთნელმა, ზინედინ ზიდანმა ჩემპიონთა ლიგის ფინალის წინ ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა.

"რეალში" ბევრი მშრომელი და ნიჭიერი ფეხბურთელია. წარმატების მისაღწევად მაქსიმუმს გავიღებთ. ფინალში დაბრუნებით ბედნიერები ვართ.

წარმატება დაუღალავი შრომის შედეგია. როდესაც გამარჯვებისთვის ყველაფერს აკეთებ და თან მადრიდის რეალში თამაშობ მიზანს აუცილებლად აღწევ.

კრიშტიანუ კარგ ფორმაშია. იგი მატჩისთვის მზად 150%-ით თუ არა 140-ით მაინც იქნება და ეს ცუდი ნამდვილად არაა. სეზონის ბოლო მატჩია და რონალდუ ასეთი შეხვედრებისთვის ცოცხლობს.

ფინალამდე რამდენიმე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება მომიწევს. გუნდში ბევრი კარგი ფეხბურთელია და მათი რაღაც ნაწილი სათადარიგო სკამზე უნდა დარჩეს. ჩვენ გუნდურად ვაზროვნებთ, შესაძლოა მოთამაშეს რეზერვში ყოფნით იმედი გაუცრუვდეს მაგრამ თამაშის დაწყებისას იგი გუნდთან ერთად იქნება.

ბედნიერები ვართ რომ კიდევ ერთი ფინალის თამაშის საშუალება მოგვეცა. ეს მომენტი აღარასდროს განმეორდება და მისგან მხოლოდ მოგონებები დაგვრჩება. ამიტომ აუცილებელია სიტუაციით ვისარგებლოთ და თუ მატჩისას ზეწოლას ვიგრძნობთ, გამარჯვება ორმაგად სასიამოვნო გახდება.

ხალხი ფავორიტებად გვთვლის, თუმცა ვიცით, რომ ეს სიმართლეს არ შეესაბამება. უპირატესობა არცერთ გუნდს აქვს. გამარჯვების შანსები 50/50-ზეა. წარმატების მისაღწევად კარგი ფეხბურთის ჩვენება გვმართებს და დარწმუნებული ვარ მიზნის მისაღწევად გუნდის თითოეული ფეხბურთელი მაქსიმუმს გაიღებს.

კლოპს დიდ პატივს ვცემ. მისი საფეხბურთო მიღწევები ფენომენალურია. ჩვენი შედარება შეუძლებელია, რადგან თითოეული მწვრთნელი უნიკალურია.

მუდამ მსურდა, რომ გამარჯვებისთვის ყველაფერი გამეკეთებინა. ვთვლი,რომ შედეგს დიდი მნიშვნელობა არ აქვს და მთავარი წარმატებისთვის მაქსიმუმის გაღებაა.

ფეხბურთი მარტივი სპორტია. მოედანზე ორი გუნდია და წარმატებისთვის აუცილებელი ოპონენტის ძლიერი წერტილების დანახვა და იმის გათავისებაა, რომ მას ზიანის მოყენება შეუძლია. მეორეს მხრივ, როდესაც ბურთს ფლობ მატჩი საკუთარი კარნახით უნდა წაიყვანო და მეტოქეს თავს შენი თამაში მოახვიო. წლევანდელ სეზონში ბევრი რთული მომენტი გვქონდა, ფინალში არაფერი შეიცვლება, თუმცა მაქსიმალურად ვეცდებით რომ მოწინააღმდეგემ ნაკლები ზიანი მოგვაყენოს.

ყველაზე რთული სასტარტო შემადგენლობის არჩევაა. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე ფინალს ეხება. ძნელია, მაგრამ ვერაფერს ვიზამ, მწვრთნელის საქმე ასეთია".

„რეალისა“ და „ლივერპულის“ შეხვედრა, 26 მაისს, კიევის ოლიმპიურ სტადიონზე, თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება. თამაშს სერბ მსაჯთა ბრიგადა მოემსახურება, რომელსაც 45 წლის მილორად მაზიჩი უხელმძღვანელებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები