არველაძე თურქეთის სუპერლიგის საუკეთესო ოცეულში
Aa
Aa

არველაძე თურქეთის სუპერლიგის საუკეთესო ოცეულში

თურქულ ვებგვერდ haber1903-ზე თურქეთის სუპერლიგის უკანასკნელი ათწეულის საუკეთესო 20 მწვრთნელი დასახელდა. ოცეული მათი გუნდების მიერ დაგროვებული ქულების საშუალო მაჩვენებლის მიხედვით შეადგინეს. პირველ ადგილზე ''გალათასარაის'' მთავარი მწვრთნელი ფათიჰ თერიმი გავიდა, რომლის გუნდმა საშუალოდ თითოეულ შეხვედრაში 2,2 ქულა მოაგროვა. მეორე პოზიციას კრისტოპ დაუმი იკავებს, მესამე ადგილი კი სლავენ ბილიჩს ერგო.

მე-17 პოზიციაზეა ტაშკენტის ''ფახთაქორის'' მთავარი მწვრთნელი შოთა არველაძე, რომელიც სუპერლიგაში ''ქაისერის,'' ''ქასიმფაშასა'' და ''ტრაბზონის'' მთავარი მწვრთნელის პოსტს იკავებდა. არველაძის გუნდი თითოეულ შეხვედრაში საშუალოდ 1,36 ქულას აგროვებდა.

არველაძე ''ქაისერს'' 2010 წლის ივლისიდან 2012 წლის ოქტომბრამდე წვრთნიდა. 2012 წლის ოქტომბრიდან 2015 წლის მარტამდე ''ქასიმფაშას'' ხელმძღვანელობდა. 2015 წლის ივლისში არველაძემ ''ტრაბზონი'' ჩაიბარა, თუმცა წარუმატებელი მუშაობის გამო ამავე წლის ნოემბერში პოსტი დატოვა.

თურქეთის დატოვების შემდეგ 2016 წლის ივნისიდან 2017 წლის იანვრამდე თელ-ავივის ''მაქაბიში'' მუშაობდა. ებრაულ გუნდში ხორდი კრუიფმა მიიწვია, რომელიც იმ პერიოდში სპორტული დირექტორის მოვალეობას ასრულებდა. არველაძემ ''მაქაბისთან'' ერთად ევროპა ლიგის ოთხივე საკვალიფიკაციო ეტაპი დაძლია და ჯგუფურ ეტაპზე გააღწია, რაც არველაძისთვის სამწვრთნელო კარიერაში საუკეთესო შედეგია.

2017 წლის ივნისიდან არველაძე ''ფახთაქორს'' ხელმძღვანელობს. უზბეკურ გუნდში მისი ასისტენტი გოჩა ტყებუჩავაა, ხოლო კლუბის  მთავარ სელექციონერად არჩილ არველაძე მუშაობს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები