პოგბა, მარსიალი, დარმიანი, ბლინდი - ჟოზე ცვლილებებისთვის ემზადება
Aa
Aa

პოგბა, მარსიალი, დარმიანი, ბლინდი - ჟოზე ცვლილებებისთვის ემზადება

როგორც ჩანს პორტუგალიელ სპეციალისტს მოთმინების ფიალა აევსო და მზადაა სხვა ფეხბურთელებთან ერთად პოგბა ზაფხულის სატრანსფერო ბაზარზე  გაყიდოს.

პოგბა საფეხბურთო კარიერის დასაწყისში „იუნაიტედში“ თამაშობდა და გუნდს 2016 წელს სარეკორდო თანხის - 89 მილიონი ფუნტის სანაცვლოდ დაუბრუნდა, თუმცა მანჩესტერულ კლუბში ფეხი ვერ მოიკიდა და ჟოზესთან სერიოზული პრობლემები შეექმნა.

პოგბა-მოურინიოს ურთიერთობა განსაკუთრებით ამ სეზონში გართულდა და „ვესტ ბრომვიჩთან“ მატჩში „იუნაიტედის“ თავკაცმა ფრანგი კიდევ ერთხელ შეცვალა. საინტერესოა, რომ ჟოზემ უკანასკნელ 11 შეხვედრაში პოგბა ან სათადარიგო სკამზე დატოვა ან მატჩის მიმდინარეობისას შეცვალა. ფაქტია, პოგბა მოურინიოს სისტემას ვერ მოერგო და საკუთარი პოტენციალის გამოვლენას ბოლომდე ვერ ახერხებს.

ჯერჯერობით უცნობია, იქნება თუ არა ფრანგი „იუნაიტედის“ ძირითად შემადგენლობაში „ბორნმუთთან“ მატჩში. ასევე კითხვის ნიშნის ქვეშ დგას მისი „ასოციაციის თასის“ ნახევარფინალში „ტოტენჰემის“ წინააღმდეგ თამაში.

 

მოურინიომ არაერთხელ განაცხადა, რომ რეპუტაციასა ან სატრანსფერო ღირებულებებს მისთვის მნიშვნელობა არ აქვს და ასევე დაამატა, რომ „ვესტ ბრომვიჩთან“ შეხვედრაში ბევრმა ფეხბურთელმა ბოძებული შანსი გაანიავა.

„როგორ ფიქრობთ, რა კრიტერიუმებით ირჩევენ მწვრთნელები შემადგენლობებს? მე მხოლოდ ერთი კრიტერიუმი მაქვს, ფეხბურთელის სათამაშო ფორმა. თქვენ გინდათ, რომ სატრანსფერო ღირებულების, ხელფასის ან მათი ლამაზი სახეების გათვალისწინებით ავირჩიო სასტარტო შემადგენლობა? არა! ეს სისულელეა! ერთადერთი, რასაც მნიშვნელობა ენიჭება ფეხბურთელის ფორმაა“.

„თუ რომელიმე მოთამაშე „ბორნმუთთან“ თავს გამოიჩენს, დარწმუნებული იყავით, რომ იგი მინდორზე „ტოტენჰემთანაც“ გამოვა, თუმცა ზოგიერთი მათგანი „ვესტ ბრომვიჩთან“ ისე ცუდად გამოიყურებოდა მათი ადგილი ამ გუნდში არ არის“.

ჟოზე პოგბასთან ერთად ენტონი მარსიალს, მატეო დარმიანს და დელი ბლინდს გულისხმობდა.

აღსანიშნავია, რომ რამდენიმე დღის წინ „სიტის“ მწვრთნელმა პეპ გუარდიოლამ განაცხადა, რომ პოგბას კანდიდატურა მასსაც შესთავაზეს.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები