Aa
Aa

„ჩვენი დრო, ჩვენი ქალაქი“ - როგორ აღნიშნა „სიტიმ“ ჩემპიონობა?!

„ჩვენი დრო, ჩვენი ქალაქი“ - მანჩესტერ „სიტის“ ფეხბურთელებმა 2017/2018 წლის სეზონის პრემიერ ლიგის გამარჯვება აღნიშნეს. უცხოური მედიასაშუალებები იმ ფოტოებმა თუ ვიდეოებმა მოიცვა, რომლებიც „სიტის“ ვარსკვლავებმა სოციალურ ქსელებში გაავრცელეს. ფეხბურთელებმა დღესასწაული ჯერ საკუთარ სახლებში დაიწყეს, შემდეგ კი ერთმანეთს ერთ-ერთ პაბში შეხვდნენ სადაც დიდი წვეულება გამართეს.

ქალაქელების კაპიტანმა, ვინსენ კომპანიმ გაჩემპიონება თავდაპირველად საკუთარ სახლში, ოჯახის გარემოცვაში აღნიშნა. სახლიდან მან კევინ დე ბრუინს დაურეკა და ჩემპიონობა მიულოცა.

 

ამის შემდეგ კი კომპანი ერთ-ერთ პაბში მივიდა, სადაც თანაგუნდელებსა და გულშემატკივრებს შეხვდა. კომპანი პაბში სიტყვით გამოვიდა - „ძალიან დიდი მოგზაურობა იყო. მითუმეტეს მათთვის ვინც ლურჯებს 40 წელზე მეტია გულშემატკივრობენ. თუმცა ამაღამ ჩვენ კიდევ ერთხელ მოვიგეთ...ასე რომ მოდით ეს ერთად ავღნიშნოთ.“

 

„სიტიმ“ პრემიერ ლიგის ჩემპიონობის აღნიშვნის შანსი ხელიდან გასულ ტურში გაუშვა, როდესაც საკუთარ მოედანზე მანჩესტერ „იუნაიტედთან“ ანგარიშით 2:3 დამარცხდა, თუმცა ბოლო ტურში „წითელი ეშმაკები“ „ვესტ ბრომვიჩთან“ დამარცხდნენ, რის შემდეგაც ქალაქელებმა თასი გაინაღდეს.

ჩემპიონობა „სიტის“ ფეხბურთელებმა რამდენიმე ბარში აღნიშნეს. მათთან ერთად კლუბის მეკარეების მწვრთნელები ჩაბი მანკისიდორი და რიჩარდ ვრაითი, ასევე ფიზმომზადების მწვრთნელი სტივენ ლილი და მასაჟისტი მარკ სერტორიც იყვნენ.

წვეულებას ილქაი გიუნდოგანი და ლეროი სანე აკლდნენ, რომლებიც გერმანიაში, ყოფილი კლუბის „შალკეს“ მატჩზე იმყოფებოდნენ.

დღესასწაულს გამოაკლდა მეკარე ედერსონიც, რომელიც ასევე ყოფილი გუნდის „ბენფიკას“ თამაშზე იმყოფებოდა.

დავიდ სილვა პრემიერ ლიგის ჩემპიონობას საავადმყოფოდან გამოეხმაურა. მან Twitter-ის საკუთარ გვერდზე შვილთან ერთად გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა და დაწერა - „ჩემი მესამე პრემიერ ლიგის თასი, მაგრამ ეს განსაკუთრებულია. ამ რთულ წელიწადს ყველას დიდ მადლობას გიხდით მხარდაჭერისთვის.“

„ვესტ ბრომვიჩის“ Twitter-ის ოფიციალურმა გვერდმა კი „იუნაიტედთან“ ანგარიშით 1:0 გამარჯვების შემდეგ საკუთარ პოსტში მანჩესტერ „სიტის“ ოფიციალური გვერდი მონიშნა და დაწერა - „არაფრის“

მანჩესტერ „სიტიმ“ ბოლო 7 სეზონში პრემიერ ლიგა მესამედ მოიგო, საერთო ჯამში კი ინგლისის ჩემპიონობა მეხუთედ იზეიმა. „ქალაქელებმა“ ეს ტიტული 1937; 1968; 2012; 2014 და 2018 წლებში მოიგეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები