მატჩის წინ: საქართველო VS ირლანდია - გატყდება ნავსი მეცხრე ცდაზე?
Aa
Aa

მატჩის წინ: საქართველო VS ირლანდია - გატყდება ნავსი მეცხრე ცდაზე?

article written by irakli shavliashvili

დღეს საღამოს 20:00 საათზე, "დინამო არენა" 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მორიგ მატჩს უმასპინძლებს. საქართელოს ნაკრები თავისთვის კარგად ნაცნობ ირლანდიას დაუპირისპირდება.

მეტოქისგან განსხვავებით, სატურნირო მდგომარეობას ჩვენთვის დიდი მნიშვნელობა არ აქვს. მაგრამ, ამ შეხვედრას სხვა დატვირთვაც აქვს. 

 

ურთიერთშეხვედრები

ვლადიმერ ვაისის გუნდს მოგებათა გრაფაში ჯერაც 0 უწერია. როგორც სტატისტიკა გვიჩვენებს, ირლანდიის ნაკრები ჩვენთვის ერთ-ერთი ყველაზე ცუდი მეტოქეა. "სამყურებთან" 8 მატჩი გვაქს ჩატარებული და ყველა მათგანი წავაგეთ. ბურთების შეფარდება 4-16-ზეა...

 

მატჩის წინ - კომენტარები და დანაკლისი

მატჩისწინა პრესკონფერენციაზე, ძირითადად ნაცნობმა ფრაზებმა გაიჟღერა - "საქართველოს ნაკრებს იმაზე მეტი ქულა უნდა ჰქონდეს, ვიდრე ახლა აქვს". "ჩვენი მთავარი პრობლემა ფეხბურთელთა სათამაშო პრაქტიკის ნაკლებობაა" და ა.შ.

გურამ კაშიამაც სწორედ ეს აღნიშნა. კლუბებში 90 წუთს ძალიან ცოტა თამაშობს. შემდეგ, ნაკრების მაისურით ამის გაკეთება ფეხბურთელებისთვის რთულია და სწორედ ეს ხდება მარცხის უმთავრესი განმაპირობებელი. ორიდან მხოლოდ ერთ ტაიმს ვთამაშობთ კარგად, ეს კი გამარჯვებისთვის საკმარისი არაა.

დღევანდელ მატჩს საქართველოს ნაკრები ტრადიციულად დანაკლისით ხვდება. დისკვალიფიცირებულია კაპიტანი ჯაბა კანკავა. ტრავმირებულ ლევან მჭედლიძეს, თორნიკე ოქრიაშვილსა და გიორგი ლორიას, ნიკა კაჭარავაც შეემატა, რომელსაც ვირუსი აქვს და ნაკრებს ვეღარ დაეხმარება.

ირლანდიელებს ამ ხმრივ პრობლემები არ აქვთ. რა თქმა უნდა, სიმუს კოულმენის არყოფნა დანაკლისია, მაგრამ ყველამ ვიცით, რომ "ევერტონის" განაპირა მცველი უკვე დიდი ხანია ლაზარეთშია. ქომაგებს მწარედ ახსოვთ მისი შემზარავი ტრავმა, როდესაც უელსთან მატჩის დროს მას ფეხი მოტყდა.

 

ტაქტიკა და სავარაუდო შემადგენლობა

დღეს, ვაისისგან სიურპრიზებს წესით არ უნდა ველოდოთ. ექსპერიმენტებსა და ზედმეტად დაცვით ტაქტიკას ისედაც ბევრი კრიტიკა მოჰყვა. მითუმეტეს, როცა დასაკარგი არაფერი გვაქვს, მეტოქის მიმართ მორიდებული დამოკიდებულება საჭირო არ არის.

უნდა ველოდოთ, რომ ჩვენი ნაკრები 4-2-3-1 სქემით ითამაშებს. სავარაუდოდ ასე: მაკარიძე, კაკაბაძე, კვირკველია, კაშია, ნავალოვსკი, გვილია (დაუშვილი), კვეკვესკირი, ანანიძე, ყაზაიშვილი, ჯიღაური (არაბიძე), ქვილითაია.

გიორგი მაკარიძემ, ნაკრებში თავისი შანსი დაიმსახურა და დიდი ალბათობით, სწორედ ის დადგება ძირითადში.

უკანა ხაზში სავარაუდოდ ახალი არაფერი იქნება. ვაისი, კაკაბაძე-კვირკველია-კაშია-ნავალოვსკის კვარტეტს ენდობა და ეს დღესაც ასე იქნება.

რაც შეეხება თავდასხმას, კაჭარავას არყოფნის ფონზე ქვილითაიას კანდიდატურა უალტერნატივო ჩანს.

ყველაზე საინტერესო ნახევარდაცვის ხაზია. წესით, ნიკა კვეკვესკირს ძირითადში უნდა ველოდოთ. მისი ტექნიკა, ბურთთან ურთიერთობა და მოედნის ხედვა, ჩვენი დონის ნაკრებისთვის ნამდვილი ფუფუნებაა. ხოლო, ვინ ითამაშებს ნახევარდაცვის ცენტრში მის გვერდით, ამის თქმა რთულია. ერთი შეხედვით ვაკო გვილიას უნდა ველოდოთ, მაგრამ მისი არასაკმარისი სათამაშო პრაქტიკა დაეჭვების საბაბს გვაძლევს. ამიტომ, არ არის გამორიცხული, რომ ვაისი ბუბა დაუშვილს დაეყრდნოს.

შემტევი ტრიოდან 2 მოთამაშის გამოცნობა ყველაზე მარტივია - თუ რამე გაუთვალისწინებელი არ მოხდა, ჯანო ანანიძე და ვაკო ყაზაიშვილი ძირითადში იქნებიან. ხოლო, თუ ვინ იქნება მესამე, ამას სლოვაკი სპეციალისტი უშუალოდ მატჩის წინ გადაწყვეტს. ვარიანტი ორია - ჯაბა ჯიღაური და გიორგი არაბიძე. ჯიღაურმა ევროპის ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპი მაღალ დონეზე ჩაატარა და კარგ ფიზიკურ ფორმაშია. არაბიძე კი ნელ-ნელა ეროვნული ნაკრების ძირითად შემადგენლობას უშინაურდება. მისი ტექნიკური არსენალი და დრიბლინგი, ჩვენი გუნდისთვის იმედისმომცემი და საჭიროა.

 

რას უნდა ველოდოთ მატჩისგან

დღევანდელი შეხვედრისგან ნავსის გატეხვას უნდა ველოდოთ. იქნებ, მე-9 ცდაზე გაგვიმართლოს და ირლანდიელებს 3 ქულა ავართვათ.

"სამყურების" წინააღმდეგ თამაში ნამდვილად არ გვიჭირს. მომენტებიც საკმაოდ გვაქვს ხოლმე, მაგრამ თითქმის ყოველთვის 1-2-ს ვაგებთ. 

ჩვენი მთავარი კოზირი ტექნიკური არსენალია. მომენტები მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ და მეტოქეს პრესინგი შევთავაზოთ.

სტანდარტულების დროს ყურადღებით ყოფნა გვმართებს. ირლანდიელთა ერთ-ერთი მთავარი კოზირი სწორედ ეს გახლავთ. 

მოგეხსენებათ, რომ დღევანდელ მატჩზე გაყიდული ბილეთებისგან შემოსული მთელი თანხა, ბორჯომში ხანძრის შედეგად მიღებულ ზარალს მოხმარდება. იმედი ვიქონიოთ, რომ ტრიბუნები ბოლომდე გაივსება და ქველმოქმედებას ნანატრი 3 ქულაც მოჰყვება.

 

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები