მატჩის წინ - დინამო (ბთ.) VS იაგელონია
Aa
Aa

მატჩის წინ - დინამო (ბთ.) VS იაგელონია

ბათუმის "დინამო" დღეს "ევროპა ლიგის" პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ შეხვედრაში პოლონეთის გასული სეზონის ვიცე-ჩემპიონ "იაგელონიას" უმასპინძლებს.

აღნიშნული დაპირისპირება ბათუმელთა მთავარმა მწვრთნელმა კონსტანტინ ფროლოვმა პრესკონფერენციაზე შეაფასა.

"მატჩისთვის გეგმის მიხედვით ვემზადებით. ყველა მოთამაშე ჯანმრთელია და სათამაშო ფორმის მხრივაც ყველაფერი რიგზეა. მზად ვართ, საქართველო ღირსეულად წარმოვადგინოთ.

მეტოქის არაერთი მატჩი ვნახეთ და შემიძლია ვთქვა, რომ მისი პლიუს-მინუსები ჩვენთვის ცნობილია. "იაგელონია" ძლიერი გუნდია, ყველა პოზიციაზე კარგი ფეხბურთელები ჰყავს, განსაკუთრებით წინა ხაზს გამოვყოფდი. კარგი ფეხბურთელია ტარას რომანჩუკი, რომელიც გუნდის შეტევების ერთ-ერთი ლიდერია.

ბათუმში თამაში კარგი იქნებოდა, რადგან ჩვენთვის გულშემატკივარი დიდი ძალისა და სტიმულის მომცემია. დარწმუნებული ვარ, ქუთაისელებიც გვერდში დაგვიდგებიან. თანაც ვიცი, რომ გულშემატკივრები აქ ჩამოსვლას ბათუმიდანაც აპირებენ". - თქვა ფროლოვმა.

როგორც მოგეხსენებათ, რამდენიმე დღის წინ "დინამომ" ოთარ მარცვალაძე დაიმატა, რომელიც გუნდთან ერთად ემზადება და დიდი შანსია დღევანდელ მატჩშიც ითამაშოს. საერთო შემადგენლობა ასეთია:

მეკარეები: რომან ტაკიძე, ანატოლი ტიმოფეევი, ლევან შოვნაძე;

მცველები: არჩილ ტვილდიანი, მირზა ფარტენაძე, ბექა მახარაძე, დავით კვირკველია, ნიკა მგელაძე, ვაჟა ქორიძე, ანზორ სუხიაშვილი;

ნახევარმცველები: ბექა ვარშანიძე, გელა გოგიტიძე, გიორგი ქავთარაძე, თემურ შონია, ვაკო თევდორაძე, ელგუჯა გრიგალაშვილი, თორნიკე თარხნიშვილი, გეგი კეკუა, ჟოვინიო ფლამარიონი;

თავდამსხმელები: მიხეილ გორელიშვილი, ბექა ჭკუასელი, იაროსლავ კვასოვი, ნიკა კვანტალიანი, ოთარ მარცვალაძე.

თამაში ქუთაისში, რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე ჩატარდება და მას ბელგიელი რეფერი ერიკ ლამბრეხტსი იმსაჯებს.

შეხვედრა 20:00 საათზე დაიწყება და მისი პირდაპირი ტრანსლაცია "აჭარის ტელევიზიაზე" იქნება წარმოდგენილი.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები