WTA Singapore 2016 - რადვანსკა 1/2 ფინალში, პლიშკოვა - სახლში
Aa
Aa

WTA Singapore 2016 - რადვანსკა 1/2 ფინალში, პლიშკოვა - სახლში

სინგაპურში მიმდინარე ქალთა წლის შემაჯამებელ ტურნირზე ოთხივე ნახევარფინალისტი გაირკვა.

"თეთრი ჯგუფის" ბოლო ტურის პირველი მატჩი კუზნეცოვასა და მუგურუზას შორის პრაქტიკულად არაფერს წყვეტდა, რადგან რუსს შემდეგი ეტაპის საგზური განაღდებული ჰქონდა, ხოლო ესპანელს ამის არანაირი შანსი აღარ გააჩნდა.

მიუხედავად ამისა, "როლან გაროსის" წლევანდელმა გამარჯვებულმა კარი გაიჯახუნა და პირველი სეტის წაგების შემდეგ, დანარჩენ ორში გამოცდილი ოპონენტი გაანადგურა და ტურნირზე სიმბოლური გამარჯვება ჩაიწერა - 3:6 6:0 6:1.

კარდინალურად სხვა დატვირთვას ატარებდა მეორე შეხვედრა, აგნეშკა რადვანსკასა და კაროლინა პლიშკოვას შორის, რომლის გამარჯვებულიც შემდეგ ეტაპზე გადიოდა.

მატჩი მართლაც დაძაბულად წარიმართა, პირველ პარტიაში პლიშკოვა ბრეიკით დაწინაურდა და სეტის მოგების კარგი შესაძლებლობა მიეცა, თუმცა რადვანსკამ იძალა და უმნიშვნელოვანეს მომენტებში 2 ბრეიკის შესრულებით, სეტიც 7:5-ზე აიღო. 

მეორე პარტიაც გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა, აქაც ჯერ რადვანსკა გავიდა წინ ბრეიკით, შემდეგ პლიშკოვამ მეტოქის მოწოდება ორჯერ აიღო, თუმცა კვლავ ჩავარდნა, რამაც პოლონელს შეხვედრის 2 სეტში მოგების საშუალება მისცა - 7:5 6:3.

შედეგად "თეთრ ჯგუფში" რადვანსკა მეორე ადგილზე გავიდა და ტურნირის ნახევარფინალში "წითელი ჯგუფის" გამარჯვებულ ანგელიკ კერბერს შეხვდება, ხოლო კუზნეცოვას მეტოქე, სლოვაკი დომინიკა ციბულკოვა იქნება, რომელმაც ჯგუფიდან, ბოლო ტურში მოპოვებული ერთადერთი გამარჯვების წყალობით გააღწია.

ნახევარფინალური შეხვედრები 29 ოქტომბერს ჩატარდება. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები