WTA Singapore 2016 - კვლავ ერთი მოგებით 1/2 ფინალში
Aa
Aa

WTA Singapore 2016 - კვლავ ერთი მოგებით 1/2 ფინალში

სინგაპურში მიმდინარე ქალთა წლის შემაჯამებელ ტურნირზე, "წითელი ჯგუფის" მე-3 ტურის მატჩები ძალიან საინტერესოდ წარიმართა, რომელთა შედეგებმაც 1/2 ფინალში გამსვლელი ჩოგბურთელები გამოავლინა.

სლოვაკმა დომინიკა ციბულკოვამ, რომელსაც აქამდე ორივე მატჩი წაგებული ჰქონდა, რუმინელი სიმონა ჰალეპი 2 სეტში, 6:3 7:6 დაამარცხა, რითაც თავად 1/2 ფინალში გავიდა, ხოლო მეტოქე ჯგუფში ჩატოვა. არადა ჰალეპს შემდეგი ეტაპის საგზურისათვის, 1 სეტის მოგებაც ეყოფოდა. 

საინტერესოა, რომ გასული წლის შემაჯამებელზე, ტურნირის გამარჯვებული, აგნიეშკა რადვანსკა, ჯგუფიდან ციბულკოვას მსგავსად, 1 მოგებით გავიდა. 

მეორე მატჩში კი, ინტრიგა და ბრძოლა ნაკლებად იყო. მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა, ანგელიკ კერბერმა ტურნირის დებიუტანტი მედისონ კიზი 6:3 6:3 დაამარცხა და ჯგუფური ეტაპი 100%-იანი შედეგით დაასრულა. კერბერმა 3 თამაშის ჯამში ერთადერთი სეტი დათმო - პირველ ტურში ციბულოკვასთან 2:6. 

შესაბამისად, "წითელი ჯგუფის" გამარჯვებული გერმანელი გახდა, ხოლო ციბულკოვამ მეორე ადგილი დაიკავა.

მათი მეტოქეები ხვალ "თეთრი ჯგუფის" მე-3 ტურის მატჩების დასრულების შემდეგ გაირკვევა. 

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები