Aa
Aa

ისტორიული შედეგი - ბელგიელებმა მუნდიალის ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს!

მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის მე-3 ადგილოსანი, სანქტ-პეტერბურგში, ინგლისისა და ბელგიის ნაკრებთა შეხვედრაში გაირკვა. 2002 წლის თურქეთი-ბრაზილიის შემდეგ, პირველად მოხდა, რომ იგივე ნაკრებები მუნდიალზე 2-ჯერ დაუპირისპირდნენ.

მუნდიალის ნახევარფინალში დამარცხებულ გუნდებს შანსი ჰქონდათ, რომ ხასიათი ოდნავ გამოეკეთებინათ და ჩემპიონატი მაჟორულ ნოტზე დაესრულებინათ. როგორც მოსალოდნელი იყო, თამაში საკმაოდ მხიარული გამოდგა და ორივე გუნდი შეტევაზე ფიქრობდა, რასაც ხელი სწრაფმა გოლმაც შეუწყო.

მატჩის მე-4 წუთზე, ბელგიელებმა სწრაფი შეტევა განავითარეს, შადლიმ მუნიეს მოძრაობა შენიშნა, რომელიც როუზს დაუძვრა და ერთი შეხებით იოლად შეაგდო.

ინგლისელთა დაცვა მეტოქეს სისწრაფეში ვერ აჰყვა და თითოეულ მონაკვეთზე ჩანდა, რომ ბელგიელები ერთი ნაბიჯით წინ იყვნენ, რამაც ეს გოლი განაპირობა.

 

ინიციატივა ინგლისელებმა გადაიბარეს, თუმცა პერიოდულად ბელგია ძალიან მწვავედ უტევდა და რამდენიმე კარგი მომენტიც ჰქონდა. რაც შეეხებათ ბრიტანელებს, ისინი სიტუაციის გამწვავებას იშვიათად ახერხებდნენ და მეტწილად, ეს სტანდარტული მდგომარეობებიდან ხდებოდა.

საბოლოოდ, პირველი ნახევრის დარჩენილი ნაწილი დაახლოებით ასეთი სცენარით წარიმართა, რამაც გუნდები შესვენებაზე 1:0-ით გაიყვანა.

მეორე ტაიმის სტარტზე, სანამ მოედანზე ლუკაკუ იყო, ბელგიელებს ბურთის ამოტანისას პრობლემა არ ჰქონიათ, რაც მისი გასვლის შემდეგ, რაღაც პერიოდის მანძილზე, არ გამოსდიოდათ.

"მანჩესტერ იუნაიტედის" ფორვარდს გოლის გატანის ბრწყინვალე შანსიც მიეცა, როცა დე ბრუინმა მორიგი შედევრი შემოგვთავაზა და ლუკაკუ მეკარეს შეატოვა, თუმცა თავდამსხმელმა ბურთი ვერ გააჩერა და უმწვავესი ეპიზოდი გაანიავა, მალე კი ადგილი დრის მერტენსს დაუთმო.

შეხვედრის 70-ე წუთზე, ინგლისს ყველაზე რეალური საგოლე მომენტი შეექმნა. რამდენიმე პასის შემდეგ, დაიერი მეკარესთან ერთი-ერთზე დარჩა. "ტოტენჰემის" საყრდენმა შედარებით მახვილი კუთხიდან კურტუას ბურთი თავზე გადაატარა, მაგრამ კარის ხაზზე ალდერვაირელდი გაჩნდა და საკუთარი გუნდი გოლისგან იხსნა.

 

დადგა დაახლოებით 8-10 წუთიანი მონაკვეთი, როცა ლუკაკუს გასვლამ თავი იჩინა და მეტოქის შეტევების შემდეგ, ბელგია საჯარიმოდან ბურთის ამოტანას ვეღარ ახერხებდა, რაც თითქოს კარგ ფინიშს გვპირდებოდა.

რობერტო მარტინესმა გამოსავალი მონახა და მოედანზე მუსა დემბელე გამოიყვანა, რითაც საყრდენი ზონა გაძლიერდა, ამასთანავე, ბურთის ამოტანა შედარებით გაადვილდა, ეს კი "წითელ ეშმაკთა" თამაშზე მალევე აისახა. 

უნდა აღინიშნოს ისიც, რომ საგოლე შანსი არ მისცემია ჰარი კეინს, რომელიც თითქმის მუნდიალის საუკეთესო ბომბარდირია, რადგან ტურნირზე შემორჩენილ ფეხბურთელთაგან ყველაზე მეტი, 3-3 გოლი გრიზმანსა და მბაპეს აქვთ გატანილი, მაშინ, როცა ინგლისელთა კაპიტნის ანგარიშზე 6 შედეგიანი დარტყმაა.

ინგლისის შეტევები მინელდა და სიმწვავე დაკარგა, ხოლო ბელგია კონტრიერიშებისას იკბინებოდა და ერთ-ერთი ასეთი შეტევისას, მარტინესის ბიჭებმა ბურთი საკუთარი ნახევრიდან წაიღეს, დე ბრუინის ხანგრძლივი დრიბლინგის შემდეგ, მეკარესთან პირისპირ ედენ აზარი დარჩა და გოლის გატანა აღარ გასჭირვებია.

ბელგიელთა კაპიტანი ბრწყინვალე თამაშს აჩვენებს და ნაკრების გამოკვეთილი ლიდერია. მას უკანასკნელ 25 მატჩში, 12 გოლი და 13 ასისტი აქვს.

 

თამაშის ბედი ამ გოლით გადაწყდა და ცხადი გახდა, რომ ინგლისი ვეღარაფერს შეძლებდა, რადგან ბრიტანელთა იერიშები კრეატივითა და სიმწვავით იშვიათად ხასიათდებოდა, დრო კი მხოლოდ 10 წუთი რჩებოდა.

საბოლოოდ, ბელგიელებმა საქმე შეასრულეს და მუნდიალზე გამართული 7-დან 6 მატჩი მოიგეს, რაც აქამდე მხოლოდ 4 ისეთ ნაკრებს ჰქონდა გაკეთებული, რომელიც ჩემპიონი ვერ გახდა - პოლონეთი (მე-3 ადგილი; 1974 წ.), იტალია (მე-3 ადგილი; 1990 წ.) და ჰოლანდია (მე-2 ადგილი; 2010 წ.).

ბელგიის ნაკრებმა ისტორიულ შედეგს მიაღწია და მსოფლიო ჩემპიონატზე ყველაზე კარგ შედეგს მიაღწია. აქამდე გუნდის საუკეთესო მაჩვენებელი 1986 წლის მუნდიალს უკავშირდებოდა, როცა მან მე-3 ადგილისთვის შეხვედრა საფრანგეთთან წააგო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები