Aa
Aa

ტოჩინოშინის უცნობი ისტორია - დოჰიოს მიღმა დამარცხებული ყველაზე რთული "მეტოქე"

იაპონურმა გაზეთმა, “The Asahi Shimbun“-მა ტოჩინოშინის შესახებ საინტერესო სტატია გამოაქვეყნა, სადაც მის პირველ ნაბიჯებზე და იმ სირთულეებზე ისაუბრა, რომელთა გადალახვა ლევანს წარმატების მისაღწევად მოუწია.

იაპონიაში წლების წინ ჩამოსულ ტოჩინოშინს, ყველაზე რთული ოპონენტი დოჰიოს რინგის მიღმა ელოდებოდა. ქართველი სეკიტორის წარმატებისკენ მიმავალ გზაზე ენობრივი ბარიერი იყო აღმართული. დღეს, 30 წლის ტოჩინოშინი, რომელმაც 30 მაისს ოძეკის სტატუსი მოიპოვა, ხანდახან სამშობლოშიც იაპონურად საუბრობს. 

ლევან გორგაძემ საკმაოდ რთული გზა გამოიარა, ქართველი „ამომავალი მზის“ ქვეყანაში 2005-ში, 17 წლის ასაკში ჩამოვიდა და „კასუგანოს“ ოჯახს შეუერთდა. ტოჩინოშინს თან იაპონური ენის შემსწავლელი წიგნი ახლდა, რომელიც საუკეთესო ნამდვილად არ ყოფილა და მხოლოდ კონკრეტული სიტყვებით შემოიფარგლებოდა.

„კასუგანოს“ ოჯახის უფროსის ცოლმა, ნორიკომ, ქართულ-იაპონური ლექსიკონი ვერ იშოვა და იძულებული გახდა იაპონურ-რუსული შეეძინა, თუმცა ამან არ გაამართლა, რადგან ტოჩინოშინს რუსული არც თუ ისე კარგად ესმოდა. საბოლოოდ ნორიკო საქართველოს საელჩოს დაუკავშირდა და ლევანთან კონტაქტის დამყარება და მისთვის სუმოს ძირითადი ტრადიციების შესწავლა თარჯიმნის საშუალებით მოახერხა. გორგაძეს რთული პერიოდის გავლა მოუწია, მას მშობლიურ ენაზე საუბარი მხოლოდ გაგამარუსთან შეეძლო და როდესაც ამის შანსი მიეცემოდა თავს უბედნიერეს ადამიანად გრძნობდა.

ტოჩინოშინი: „ჩემი ოჯახი საქართველოში დაბრუნებას მთხოვდა, იაპონიაში დარჩენა და კარიერის გაგრძელება „კასუგანოს“ ოჯახში მყოფი უფროსი სუმოისტების კეთილმა ხასიათმა გადამაწყვეტინა“. 

40 წლის ჰირომიცუ მუნაკატა კეთილი ხასიათის მქონე სუმოისტებიდან ერთ-ერთია, ახალგაზრდა ტოჩინოშინზე ზრუნვა და მისი უცხო კულტურასთან ადაპტაცია სწორედ მას დაევალა.

„მუნაკატა რომ არ ყოფილიყო სუმოზე უარს ვიტყოდი და საქართველოში დავბრუნდებოდი“.

მუნაკატამ ტოჩინოშინს სუმოისტებისთვის აუცილებელი მისალმებები და მოძრაობები ასწავლა. სწავლებას ნახევარი წელი დასჭირდა და გორგაძე სუმოს ტრადიციებს მხოლოდ ამ პერიოდის გასვლის შემდეგ დაუფლა.

მუნაკატა: „მისალმების შესწავლის შემდეგ ყველაფერი კარგად წავიდა“.

2008 წელს, მუნაკატამ კარიერა ტოჩინოშინის ჯურიო დივიზიონში დაწინაურებიდან რამდენიმე კვირის შემდეგ დაასრულა. გამოსამშვიდობებელ ცერემონიაზე კი „ჩონმაგე“ სწორედ აცრემლებულმა ლევან გორგაძემ მოაჭრა.

მუნაკატა: „ტოჩინოშინი მუდამ კეთილი გულის ადამიანი იყო და ახლაც არაფერი შეცვლილა".

30 მაისს, ტოჩინოშინმა იაპონიის სუმოს ასოციაციისგან ოძეკის წოდება მიიღო. ქართველმა სეკიტორმა ამჯერად ფიცი იაპონურად დადო და ენასთან დაკავშირებით არანაირი პრობლემა არ ჰქონია..

„"ჩემი ოჯახის ("თავლა") უფროსის სწავლებებს მივყვები და ბევრს ვიშრომებ, რომ სხვა სუმოისტებისთვის მაგალითი ვიყო".

ცერემონიის შემდეგ გამართულ პრესკოფნერენციაზე ლევანმა განაცხადა: „ფიცის დადებამდე ბევრს ვნერვიულობდი, წინა ღამით 5-6-ჯერ გამეღვიძა“.

მუნაკატა „პატარა ძმის“ წარმატებით გახარებულია და იმედი აქვს, რომ ტოჩინოშინი იოკოძუნას წოდებასაც დაისაკუთრებს.

P.S - ასევე იხილეთ CRYSTALSPORT.GE-ს მიერ გახმოვანებული დოკუმენტური ფილმი სუმოს შესახებ ---->  სუმო - ტრადიციის სილამაზე

ცხელი ამბები